ივანიშვილის არჩევანი: ალასანია პლუს რესპუბლიკელები

ივანიშვილის არჩევანი: ალასანია პლუს რესპუბლიკელები


ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა არ დაარღვია ტრადიცია და საზოგადოებას კვლავ ღია წერილით მიმართა. ვრცელ განცხადებაში, რომელიც სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა, ბიზნესმენი, ხელისუფლებისადმი წაყენებული ბრალდებებისა და მოთხოვნების გარდა, ასევე ეხება საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივებს. ივანიშვილი ასახელებს პარტიებს, რომლებთანაც თანამშრომლობას შესაძლებლად მიიჩნევს და პარტიებს, რომლებთან ურთიერთობასაც კატეგორიულად გამორიცხავს. როგორია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური არჩევანი?

ბიძინა ივანიშვილი წერილის შესავალში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დანაპირებს ყოველთვის ასრულებს და, შესაბამისად, ხელისუფლებაშიც აუცილებლად მოვა, მიზნის მიღწევას კი გაუადვილებს ის უნარ-ჩვევები, რომელთა წყალობითაც წარმატებული ბიზნეს-კარიერა გაიკეთა. ბიზნესმენი იქვე ასახელებს შესაძლო პარტნიორებსაც: „რესპუბლიკურ პარტიასა“ და ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“:

„თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“, ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა.“

ამ ქათინაურის პასუხად ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ბევრი კარგი აქვს გაკეთებული:

„რაც შეეხება პოლიტიკაში ჩვენს თანამშრომლობას - ის, თუ რა ფორმით შედგება, გაირკვევა მას შემდეგ, რაც შევხვდებით ერთმანეთს, კაცურად, საქმიანად დავილაპარაკებთ და გავარკვევთ სამომავლოდ როგორ გავაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას.“

ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს რესპუბლიკურ პარტიასაც, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილის არჩევანმა გარკვეულწილად უპასუხა შეკითხვას, თუ როგორია მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

„ორივე პარტია არის ხაზგასმით პროდასავლური. ასე რომ, მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორი ასე გამოვლინდა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა ასევე დაასახელა რამდენიმე პარტია, რომლებთანაც არ ითანამშრომლებს და ამ სიასთან დაკავშირებითაც არ მაქვს არანაირი შეკითხვები. ყველაფერი გასაგებია, განსაკუთრებით „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ახლების“ მიმართ.“

„ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ახლების“ გარდა, ბიძინა ივანიშვილი ფსევდოოპოზიციურ პარტიებს უწოდებს "ლეიბორისტებს", „ეროვნულ დემოკრატებს“ და "ქართულ პარტიას". წერილის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს პარტიები ხელისუფლების შეკვეთას ასრულებენ. ივანიშვილი განსაკუთრებით არ სწყალობს გიორგი თარგამაძეს, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერს, რომელსაც „ბადრი პატარკაციშვილის მიმართ ჩადენილი ღალატის საფასურად ხელისუფლებამ პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.“

ამ ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხა გიორგი თარგამაძემ, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაამართლა საზოგადოების მოლოდინი და ოპოზიციის გაერთიანების ნაცვლად კიდევ უფრო მეტად დაშალა ის:

„მან არჩია საკუთარი პოლიტიკური ადგილის დამკვიდრება ქართულ პოლიტიკაში რიგითი, ბინძური ხერხებით მოთამაშე პოლიტიკოსის მეთოდებით. სწორედ ბატონი ივანიშვილი იყო ის კაცი, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში აგულიანებდა და აძლევდა ფულს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, ტელეიმედის ჩასაძირად და ბადრი პატარკაციშვილის გასანადგურებლად.“

„ქრისტიან-დემოკრატების“ მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის ბრალდება უპასუხოდ არ დატოვეს „ახალმა მემარჯვენეებმა“ და ლეიბორისტებმა. დავით გამყრელიძის თქმით, ივანიშვილმა, როგორც ჩაკეტილმა ადამიანმა, არ იცის რა პროცესები მიმდინარეობს საზოგადოებაში და ამის გამო ადეკვატურად ვერ პასუხობს მისი პერსონის მიმართ გაჩენილ მოლოდინს. რაც შეეხება „ლეიბორისტებს“, პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას თქმით, მტყუან-მართლის გასარკვევად ივანიშვილს შეუძლია მიიღოს შალვა ნათელაშვილის გამოწვევა და ღია დებატებში დაუპირისპირდეს მას:

„პოლიტიკა საჯარო მოღვაწეობის არეალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუკი ღია დებატებში შეხვდება ბატონ შალვას და იქ გაარკვევს ვინ აძლიერებდა არსებულ რეჟიმს ფინანსურად თუ სხვა საშუალებებით და რას ისახავდა მისი ესა თუ ის მოქმედება მიზნად. ასე რომ, ვიწვევთ მას პირდაპირ ეთერში.“

ოპოზიციის გარდა, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართავს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ვანო მერაბიშვილზე, რომელსაც წერილის ავტორი კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას უწოდებს. ამასთან ივანიშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს:

„ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს. თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში პატივსაცემ და ღირსეულ ადამიანად.“ 

ბიძინა ივანიშვილის ამ მიმართვას ჯერჯერობით შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამოხმაურებია, მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ამგვარი უსახური სტარტის შემდეგ მათი ახალი ოპონენტი ვერ შეძლებს სერიოზული პოლიტიკური ძალის შექმნას. ბიძინა ივანიშვილის პირველმა ნაბიჯებმა ვერც ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მოხიბლა:

„მტრების გაჩენა პლუსად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, როცა ფინიშზე გადიხარ. ამ დროს მოსახლეობა შეიძლება დაგიდგეს გვერდით, თუკი მისი და შენი მტერი ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ თუ ფინიში ჯერ შორსაა და ბევრ მტერს გაიჩენ, მაშინ ეს მტრები მერე ფრონტს გაგიხსნიან და შესაძლოა ვერ მოახერხო სასურველი შედეგის მიღება.“

რამაზ საყვარელიძის თქმით, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს ივანიშვილის პირველი სატელევიზიო გამოსვლა, რომელიც, იმავდროულად, დაასრულებს მითს და შობს პოლიტიკოსს.