კახა ბენდუქიძე საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგია

კახა ბენდუქიძე საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგია


კახა ბენდუქიძე საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგია” - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოცოაციის - ’’აფბას” პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ ასეთი კომენტარი გაუკეთა სააგენტო GBC - თვის ბენდუქიძის მიერ მიცემულ ინტერვიუს.

’’ბენდუქიძე უბრალოდ, ’’თავისუფალი უნივერსიტეტის’’ რექტორი როდია. ის 2004-2011 წლების საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შემოქმედი და არქიტექტორია. ყველა პრინციპული გადაწყვეტილება, მიღებული ეგრეთწოდებული გუნდის მიერ ბენდუქიძის ნაკარნახევია”, - ამბობს ჭიჭინაძე.

’’ამის თვალნათელი დადასტურებაა GBC - თვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ბენდუქიძემ, პირველად საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ღიად დააფიქსირა, რომ ის არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების ავტორი და აღდგენის მთავარი მოწინააღმდეგე, რასაც საქართველოს მთავრობისგან პრინციპულად მოითხოვს ევროკავშირი.
გამომდინარე აქედან , სინგაპურიზაციის ერთ-ერთი ინიციატორი, ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი კახა ბენდუქიძე თავის ბოლო განცხადებით, ღიად აფიქსირებს, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის კატეგორიული მოწინააღმდეგეა’’, - მიაჩნია ’’აფბას’’ პრეზიდენტს ნოდარ ჭიჭინაძეს.

კახა ბენდუქიძე: ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებას მხოლოდ ეკონომიკის განვითარების შეფერხება შეუძლია

„თუ საქართველოში არის რაიმე მონოპოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარი ჩაკეტილია და თუ ეს ასეა, უნდა ვნახოთ რისი ბრალია. როგორც წესი, ეს არის სახელმწიფო რეგულირების ბრალი. ჩემი აზრით, არავითარი ხეირის მოტანა არ შეუძლია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებას" - ასე აფასებს „თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე მთავრობის ახალ ინიციატივას „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

„ჩემი მოსაზრებები ამ ხნის მანძილზე არ შეცვლილა. საქართველოს ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომ ჰქონდეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. ხელშეკრულება ევროკავშირთან დიდი ხნის წინათ გაფორმდა, მაშინ სხვა ხელისუფლება იყო, რომელიც არ იყო ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლიტურად სხვა ხელისუფლებაა ახლა ქვეყნის სათავეში, ევროკავშირი ცხადია იმ ხელმოწერას ოფიციალურ დოკუმენტად განიხილავს და ითხოვს მის შესრულებას. ჩემის აზრით, არაფერი კარგის მოტანა რაიმე სახის კანონმდებლობას ამ სფეროში არ შეუძლია, მას შეუძლია მხოლოდ ეკონომიკის განვითარების შეფერხება. რეალურად დაცული მონოპოლიები მხოლოდ ხელისუფლების მოქმედების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას, და ხელისუფლების მეშვეობით ამასთან ბრძოლა უაზრობაა", - განაცხადა GBC-თან საუბრისას კახა ბენდუქიძემ.

„ეს რეალურად არის დამატებითი ბერკეტი სახელმწიფოს ხელში, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს რომელიმე კომპანიის წინააღმდეგ. იმედია ეს ასე არ მოხდება"- ამბობს ბენდუქიძე.

ყოფილი ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო" პოლიტიკურად ისეთი ორგანო აღმოჩნდა, რომელმაც რეალურად მთავრობასთან ბრძოლა ვერ შეძლო.

„ამჟამად მოქმედი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო"-ს ფუნქცია არის, აღმოეჩინოს ხელისუფლების (მათ შორის რეგიონალურის) მიერ დაშვებული კონკურენციის შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ ის კანონი მივიღეთ სხვა სიტუაციაში, როცა რეგიონალური საბიუჯეტო მოწყობა იყო განსხვავებული. მათ მაშინ საკუთარი ფინანსური წყაროები გააჩნდათ და იყო საფრთხე რომ ქვედა რგოლებში მოხდებოდა პირობების გაუკუღმართება. ვინაიდან შემდგომ ეს შეიცვალა და ერთიანი საბიუჯეტო სისტემა ჩამოყალიბდა, ამიტოს სააგენტოს ეს ფუნქცია ფაქტიურად გაქრა. სიმართლე რომ ვთქვათ, იმისათვის რომ ასეთმა ორგანომ იმუშაოს და თუნდაც ცოტათი რამე აქტივობა გამოიჩინოს, უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო ორგანო. დაახლოებით პროკურატურის დონეზე" - ასე აფასებს ბენდუქიძე „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს" მუშაობას.

და დასძენს, „ მე მიმაჩნია, რომ როცა სახელმწიფო ორგანო ქმნის არათანაბარი კონკურენციის პირობებს, ამას რეალურად რომელიმე ჩინოვნიკი აკეთებს პირადი ინტერესის გამო. ეს კრიმინალური შემთხვევაა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება სჭირდება. კორუფციაზე რეაგირების ეგ მექანიზმი კი არსებობს სპეციალური კანონმდებლობის გარეშეც".

კახა ბენდუქიძისთვის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში ოქროს შუალედის პოვნა, იგივეა, რაც ბაზარზე ფასების კონტროლის დაწესებაში ასეთივე შუალედის პოვნა. ორივე მავნებელია ეკონომიკის განვითარებისთვის.

„თუ არსებობს მონოპოლიები, ეს ჩაკეტილი ბაზრის ბრალია. რასაც როგორც წესი, სახელმწიფო რეგულირება განაპირობებს. მაგალითად, მაღალი საბაჟო განაკვეთები, ან ტექნიკური ბარიერები.

ავიღოთ სააფთიაქო ბიზნესი, სადაც იმ კანონდებლობის გამო, რომელიც ბაზარს კეტავდა, არ ხდებოდა ახალი კომპანიების შემოსვლა, ახალი პრეპარატების შემოტანა. არ ვითარდებოდა ახალი ქსელები და კონკურენცია ისეთი დიდი არ იყო. მაშინ როცა 2009 წელს გატარდა ფარმაცევტული რეფორმა და ბაზარი გაიხსნა, ცხადია გამოჩნდნენ ახალი კომპანიები და ფასებიც შემცირდა" - ამბობს კახა ბენდუქიძე.