ხელისუფლებით კმაყოფილი უმუშევრები

ხელისუფლებით კმაყოფილი უმუშევრები

საქართველოში ეკონომიკური პრობლემები იმდენად აქტუალურია, რომ მასთან შედარებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც კი მეორე რიგში ინაცვლებს. კვლავ მთავარ პრობლემად რჩება უმუშევრობა და ჯანდაცვა, მაგრამ გამოკითხული საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების რეფორმებს მაინც მოწონებით ხვდება.

ასეთია NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგი, რომელიც მედიას ამ ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ გააცნო.

კვლევა დაფინანსებულია შვედეთის განვითარების სააგენტოს (თშვფ) მიერ და სექტემბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (სკკს) ჩაატარა. სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2425 ადამიანი. ასევე წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ხუთივე თვითმმართველ ქალაქში და ასევე თელავის ოლქში.

ლუის ნავაროს თქმით, მოსახლეობისათვის სამ უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები, გაზრდილი ფასები და ქვეყნის ტერიტორული მთლიანობა წარმოადგენს.

რესპონდენტები ასევე თვლიან, რომ პოლიტიკოსები პირველი ორი საკითხის შესახებ საკმარისად არ საუბრობენ. კერძოდ, გამოკითხულთა 62% პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს, 42% - ფასების შემცირებას, 31% - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, 31% - სიღარიბის დაძლევას.

44% აცხადებს, რომ პოლიტიკოსები სამუშაო ადგილების შექმნაზე საკმარისად არ საუბრობენ; 62% თვლის, რომ პოლიტიკოსების მხრიდან არასაკმარისი ყურადღების თემა ფასების ზრდაა, 54%-ის აზრით - სიღარიბე.

"ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად რჩება სამუშაო ადგილები. ამ კატეგორიაში ტერიტორიული მთლიანობის პროცენტული მაჩვენებული იკლებს და უთანაბრდება სიღარიბის პროცენტულ მაჩვენებელს 31%-ით. ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვნობის პროცენტულმა მაჩვენებელმაც მოიმატა. დანარჩენ საკითხებთან მიმართებაში კი დაახლოებით იგივე მაჩვენებლებია, რაც წინა კვლევებში," - განაცხადა ლუის ნავარომ.

გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ფასების ზრდასთან მიმართებაში, სიღარიბესთან მიმართებაში, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასა და რუსეთთან ურთიერთობასთან მიმართებაში 2008 წლიდან ვითარება გაუარესდა, პენსიებთან, განათლებასა და კორუფციასთან მიმართებაში კი - გაუმჯობესდა.

ადგილობრივ საკითხებში პირველ ადგილზე გავიდა დასაქმება და მას თბილისის მასშტაბით ნაგვის გადასახადზე დენის გადასახადის მიბმა დაემატა. ასევე საბავშვო ბაღების საკითხი.

საქართველოს მოსახლეობის 2/3 თავს კვლავაც დაუსაქმებლად მიიჩნევს. განსაკუთრებით მაღალია დაუსაქმებელი ქალების რაოდენობა. რაც შეეხება ასაკის მიხდევით დასაქმებას, ყველაზე მეტად თავს დასაქმებულად მიიჩნევენ საშუალო ასაკის ადამიანები, შემდეგ ახალგაზრდები და ასაკოვანი ადამიანები კი თავს არააქტიურ შრომით რესურსად თვლიან.

კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე, "თვლით თუ არა თავს დასაქმებულად?" 2 425 გამოკითხულიდან 67%-მა განაცხადა, რომ არ თვლის. დასაქმებულია ძირითადად 36-55 წლის ადამიანები. კითხვაზე, "რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას?" გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) ამბობს: "ვარ უმუშევარი და ვეძებ სამსახურს".

დასაქმების შემდეგ (74%) ტვშ-ს რესპონდენტთა ყურადღება ნაგვის გადასახადზე ელექტროენერგიის მიბმის გადაწყვეტილებაზე მახვილდება, რაც გამოკითხულთა 48%-სთვის "ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხია".

ამავე კონტექსტში საქართველოს მოქალაქეთათვის ასევე მნიშვნელოვანია კომუნალური მომსახურების ღირებულება (37%), ტრანსპორტის ღირებულება (32%), სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემცირება (25%) და ა.შ.

გამოკითხულთა 9%-მა კი ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად საბავშვო ბაღების ფასები დაასახელა.

კითხვაზე, თუ 2008 წლის შემდეგ რა მდგომარეობაში იმყოფებით თქვენ და თქვენი ოჯახი, ეს მაჩვენებელი წინა გამოკითხვასთან შედარებით 8%-ით გაუმჯობესდა, მაგრამ გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ იგივე მდგომარეობაში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა სოციალური საკითხები და უმუშევრობაა, რისი მოგვარებაც ხელისუფლების ვალდებულებაა, მაინც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების მიმართ უფრო მყარია მაჩვენებლები, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

კითხვაზე, რა რეფორმა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყველაზე ფასეული ეკონომიკური რეფორმა იქნება, ასევე საგადასახადო, სოფლის მეურნეობის და განათლების რეფორმები, მაგრამ არ იციან, მომდევნო 6 თვის განმავლობაში რომელიმე რეფორმა შეიძლება განხორციელდეს.

საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი აღმოჩნდა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით.

"პირველი შემთხვევაა, როდესაც უფრო მეტი ადამიანი თვლის, რომ საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, ვიდრე ის, ვინც თვლის, რომ არ არის. თუმცა, ეს არ არის აბსოლუტური უმრავლესობა," - ამბობს ლუის ნავარო.

კითხვას, "არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?", გამოკითხულთა 45%-მა დადებითად უპასუხა, 39%-მა - უარყოფითად.

შედარებისთვის, მიმდინარე წლის მარტში ტვშ-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, იგივე კითხვას უარყოფითი პასუხი 44%-მა გასცა, დადებითი კი - 39%-მა.

ხოლო კითხვაზე - "რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია", უმეტესობისთვის დემოკრატია ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და განსხვავებული აზრის მოსმენას.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებას არც ის რეფორმები მოსწონს ან არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ხორციელდება ან ეხება პარლამენტის რაოდენობის გაზრდას.

შეკითხვაზე "რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, 2005 წელს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ გადაწყვეტილებას?" დადებითად 65%-მა უპასუხა, უარყოფითად კი - მხოლოდ 6%-მა.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომხდარი შეთანხმების შესახებ 58%-მა არაფერი იცის და ინფორმირებულობა გამოკითხულთა მხოლოდ 22%-მა აღნიშნა.

შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რომელიც პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს, გამოკითხულთა 60% მხარს არ უჭერს. შესაბამის კითხვას დადებითი პასუხი მხოლოდ 8%-მა გასცა.

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ მათი მაჟორიტარი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 2/3-ზე მეტი ხმას მისცემდა ქალს მომავალ პარლამენტში.

გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე მხარს უჭერს პარლამენტის ქუთაისში გადატანას.

გამოკითხულთა 77%-მა იცის 26 მაისს მომიტინგეთა დაშლის შესახებ. რაც შეეხება იმას, თუ ნებართვის ამოწურვის შემდეგ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მომიტინგეები, 66% მიიჩნევს, რომ მათ ნებით უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია. 15%-ის აზრით, აქციის მონაწილეებს შეკრება სხვა ადგილას უნდა გაეგრძელებინათ და მხოლოდ 6% თვლის, რომ აქცია რუსთაველზე უნდა გაგრძელებულიყო.

იმ 77%-დან, ვისაც სმენია აქციის დაშლის შესახებ 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ძალის გამოყენების უფლება ჰქონდა. შესაბამის შეკითხვას უარყოფით პასუხს გამოკითხულთა 33% სცემს, ხოლო 25%-ს კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გააჩნია. 49% (30%-ის წინააღმდეგ) კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა.

46% თვლის, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ. თუმცა, ნახევარზე მეტს არ სმენია, რომ ძალის გადამატებისთვის ვინმეს გასამართლება მომხდარიყო.

ამასთან კითხვაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 26 მაისს მომხდარ ძალადობაზე, რესპონდენტთა 34% ნინო ბურჯანაძეს აკისრებს, 31% კი - "ყველას თანაბრად", 12% - მიხეილ სააკაშვილს, 6% - აქციის მონაწილეებს, ხოლო 2% - პოლიციას.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა კვლავ მიუღებელია. თუმცა, ხელისუფლების ცალკეულ ინიციატივებს მიესალმებიან. გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს.

მიმდინარე წლის მარტის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გამოკითხულთა 12%-თვის იყო სრულიად მისაღები, ბოლო - სექტემბერში ჩატარებული კველევის შედეგების თანახმად კი ეს ციფრი 9%-მდე შემცირდა.

გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკა მისთვის სრულიად მიუღებელია, ხოლო 24%-თვის - ნაწილობრივ მიუღებელი.

ამასთან, საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ სააკაშვილის მოწოდებას. პრეზიდენტის ეს განცხადება გამოკითხულთა 79%-თვის აღმოჩნდა მისაღები, ხოლო 3 პროცენტისთვის - მიუღებელი. მხოლოდ 18% ამბობს, რომ "ამის შესახებ არ იცის".

კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიზანს, ევროკავშირის წევრი გახდეს, რესპონდენტთა 76% უჭერს მხარს, ხოლო ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას - 74%.

ამასთან, საქართველოს მთავრობის თხოვნას, დასავლეთმა საქართველოს სამხედრო თავდაცვისუნარიანობა გაზარდოს, ტვშ-ს გამოკითხულთა 61% იზიარებს, ხოლო 9%-თვის ეს თხოვნა მიუღებელია.

კვლევაში გარკვეული ადგილი ეთმობა მედიასაც.

სატელევიზიო არხებს შორის ნდობის რეიტინგით საპატრიარქოს არხი ლიდერობს. ამ არხის მიერ გაშუქებულ სიახლეებს გამოკითხულთა 61% "სრულად ენდობა".

ტელეკომპანია "იმედს" გამოკითხულთა 25% ენდობა, ხოლო სრულ ნდობას 16% უცხადებს.

გამოკითხულთა 24% "რუსთავი2"-ს ენდობა, ხოლო სრულად მას 19% უცხადებს ნდობას.

გაშუქებულ სიახლეთა ნდობის მხრივ მეოთხე ადგილზეა საზოგადოებრივი მაუწყებელი. მის მიერ გადაცემულ ახალ ამბებს 21% ენდობა, ხოლო სრულად - 12%.

ამავე გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე პოლიტიკისა და მოვლენების შესახებ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვალს "რუსთავი2"-ისა და "იმედის" გადაცემებს ადევნებს.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვის პოზიციას ემხრობიან ეს არხები, უმტესობა თვლის, რომ ნაციონალური არხები ხელისუფლების პოზიციას ემხრობიან. დანარჩენები კი ოპოზიციის.

რამდენად ხშირად კითხულობ გაზეთებსა და ჟურნალებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, დაახლოებით 1/4 მაინც ამბობს, რომ კითხულობს კვირაში ერთხელ მაინც. 44% კი საერთოდ არ კითხულობს.

ცოტა რთული იყო ყველა გამოცემის მოძიება და კითხვარში ჩასმა, მაშინ, როდესაც ტელევიზიების შემთხვევაში ეს ადვილია. ამასთან, როგორც ლუის ნავარომ აღნიშნა, კითხვარში არ იყო ჩადებული, თუ რატომ არ კითხულობს მოსახლეობა პრესას და პირობას დებს, რომ მომავალში კვლევა ამ თემასაც შეეხება.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების რეიტინგები კვლავ არ არის გამოქვეყნებული. როგორც ლუის ნავარო აცხადებს, კვლევის ეს ნაწილი რამდენიმე დღეში დასრულდება, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი მაინც ვერ გახდება.

თუმცა, პოლიტიკური პარტიები ყოველთვის თავად აძლევენ მედიას ამ ინფორმაციას, ოღონდ შერჩევით, რაც მათ უნდათ, რაც ხშირად გაუგებრობას ქმნის.

ცხადია, ამ გაუგებრობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუკი თავად გამოაქვეყნებდნენ. მაგრამ ნავარო მიიჩნევს, რომ სჯობს, შემდეგ აკეთონ განმარტებები, ვიდრე საზოგადოების ყურადღება არამნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანონ.