ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ნატო-მ საქართველოს მიერ, 2012 წლის ეროვნული პროგრამის განხორციელება პოზიტიურად შეაფასა.
პეტრიაშვილის თქმით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო განაგრძობს წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტურ გამოყენებას.
მინისტრის განცხადებითვე, საქართველოში 2012 წელს ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა დოკუმენტში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გზაზე და მიღწევა რეგიონის ისტორიაში.
„ამავე დროს, ნატო-ს მიერ გამოთქმულია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო პოლარიზებული, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებისა და ზეწოლის შემთხვევებს, რომელთა შედეგადაც განხორციელდა დაკავებები და ჯარიმები ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის ფონზე მისასალმებელია საქართველოს ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ. ალიანსი ასევე, მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას.
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ნატო კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს, როგორც ალიანსის არა წევრის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილს ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, დოკუმენტს ახლავს თან რეკომენდაციებიც, რომელიც რეფორმების გაღრმავებას გულისხმობს.
მინისტრის განცხადებით, ეს ეხება თავდაცვის სისტემას, სამართლებრივ სისტემას და მედიას.
მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ეროვნულ პროგრამაზე, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით იმუშავებენ.