ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს უშიშროების საბჭოს არქივების გახსნის მოთხოვნით მიმართავს.
როგორც ხაჭაპურიძემ დღეს for.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ პარლამენტმა 200-მდე პირი პოლიტიკურ პატიმრად და 25 პირი ასევე პოლიტდევნილად გამოაცხადა, ხოლო აღნიშნულ საკითხზე მან ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში ჰააგის პროკურორს სარჩელით მიმართა.
„სარჩელში ვაცხადებდი, რომ 2003 წლის შემდეგ ქვეყანაში, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ დამყარდა დანაშაულებრივი რეჟიმი, რამაც შედეგად მოიტანა უამრავი პოლიტიკური დევნილი, პოლიტპატიმარი, მედიის დევნა-შევიწროება, ქონების ჩამორთმევა და სხვა უკანონო ქმედებები. შესაბამისად, ვითხოვდი აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილისა და ხელისუფლების წევრ იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩადიოდნენ აღნიშნულ დანაშაულს. თუმცა, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მე სამშობლოს მოღალატედ შემრაცხა, თითქოს საქართველოს ვუჩივლე, რაც არასწორი იყო. მე საჩივარში ვითხოვდი კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ დაწყებულიყო სისხლის სამართლის დევნა კონკრეტულ დანაშაულებზე“ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისივე ცნობით, აღნიშნული სარჩელი წარმოებაში მიიღო ჰააგის პროკურორმა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 190 პირი პოლიტპატიმრად, ხოლო 25 პირი პოლიტდევნილად გამოცხადდა, ხაჭაპურიძის თქმით, იმ სარჩელის დადასტურებაა, რაც მან ჰააგის პროკურატურას წარუდგინა, ხოლო საქართველოს პარლამენტმა ამ დადგენილებით მისი პოზიციის მართებულობა დაადასტურა.
ადვოკატის თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილება ჰააგის პროკურორს უახლოეს დღეებში გაეგზავნება, როგორც წარდგენილი სარჩელის ერთ-ერთ მტკიცებულება.
ამასთან, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და მთავარი პროკურორისადმი მიმართვის ტექსტი გააცნო.
„ამდენად, დადასტურდა, რომ 2003 წლიდან ხელისუფლების სათავეში იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. ამასთან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ანგარების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ფარულ გარიგებაში იყვნენ ხსენებულ რეჟიმთან. შედეგად, ისინი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით აწარმოებდნენ ხელისუფლებასთან ბრძოლის იმიტაციას, რაც ქმნიდა ხელისუფლების უძლეველობის იმიჯს. აღნიშნული მოღალატური ქმედებით კი ხსენებული ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ისედაც დათრგუნულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას კიდევ უფრო უიმედო მდომარეობაში აყენებდნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავარ პროკურორს, ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებით განვითარების, ჯანსაღი პროცესების დამკვიდრების და შემდგომ მოსახლეობის მხრიდან სწორი არჩევანის გაკეთების მიზნით, მოხდეს სააკაშვილის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია, რისთვისაც გასაჯაროვდეს უშიშროების სამსახურის არქივებში არსებული ინფორმაცია, იმ ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შესახებ, რომლებიც წლების განმავლობაში კონსტიტუციისა და დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ ანგარებით, საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ ფარულად თანამშრომლობდნენ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმთან, რასაც შედეგად მოჰყვა რეჟიმის გახანგრძლივება, ყველა თანამდევი შედეგების გათვალისწინებით.
ამასთან, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მერაბ რატიშვილი და ბესარიონ ხვინთელიანი პარლამენტის მიერ, ცნობილ იქნენ პოლიტპატიმრებად, ვითხოვთ დროულად გადაეგზავნოს მათი საქმეები განსახილველად სასამართლოს, რათა დადგინდეს მათი უდანაშაულობა“ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისივე განმარტებით, ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ძალები და „ნაციონალური მოძრაობა“ არ ელოდა წაგებას, ხოლო არქივები უშიშროებიდან ჯერ კიდევ გატანილი არ არის.
ხაჭაპურიძის თქმით, არქივების გახსნა საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება, რათა გაირკვეს სიმართლე - რომელი პოლიტიკური ძალა ვისგან იღებდა დაფინანსებას, რა თანხებს იღებდა და რა სახსრებით ფინანსდებოდა მათი წინასაარჩევნო თუ სხვადასხვა აქტივობები.
ამასთან, ადვოკატი კონკრეტული პარტიების დახელებისგან უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მიზნით, თავს იკავებს.
გარდა ამისა, როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, პარლამენტის დადგენილება საფუძველს იძლევა, საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართოს.
მისი განმარტებით, ვინაიდან აღნიშნული პარტია ძალადობას ახორციელებდა, მისი საქმიანობა უნდა აიკრძალოს.
ხაჭაპურიძის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მზადდება სარჩელი და უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებული მოთხოვნა წარედგინება.