თიბისი ბანკმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ინოვაციური სიახლე შექმნა: პირველი ინტერაქციული წიგნი „ქართული ანბანი“, რომელიც უკვე განთავსდა Google-ზე და ანდროიდის მომხმარებელებს შეუძლიათ მისი უფასო ჩამოტვირთვა.
„ქართული ანბანი“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ ფარგლებში შეიქმნა. ის განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც უყვართ პლანშეტებით და სმარტფონებით თამაში. მათ ამ ინტერქციული წიგნის მეშვეობით შეეძლებათ თამაშის გზით შეისწავლონ ქართული წერა-კითხვა.
ინტერაქტიული წიგნები მსოფლიოსთვის და, შესაბამისად, საქართველოსთვის სრული სიახლეა. ეს არის ელექტრონული წიგნისა და კომპიუტერული თამაშის კომბინაცია, რომელიც მოიცავს ტექსტებს და მოძრავ ილუსტრაციებს. მომხმარებელი (ინტერაციული წიგნის მკითხველი) წიგნთან შედის ინტერაქციაში, როგორც ეს ონლაინ თამაშებში ხდება. ეს კი ინტერაქციული წიგნის „კითხვის“ პროცესს უფრო სახალისოს და შთამბეჭდავს ხდის..
მსოფლიოში უახლესი ტენდენციაა ინტერაქტიული საბავშო წიგნები - ერთგვარი სახელმძღვანელოები, რომელთა საშუალებით ბავშვები დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე, თამაშ-თამაშით სწავლობენ.
„ქართული ანბანი“ ტენდენციის ერთ-ერთი პირველი და კარგი მაგალითია. ის უახლოეს დღეებში განთავსდება Amazon-ზე დაApple store-ზეც. სმარტფონების და პლანშეტების მფლობელები უნდა შევიდნენ შესაბამის store-ზე, აკრიფონ Georgian Alphabet და ჩამოტვირთონ „ქართული ანბანის“ აპლიკაცია.
დღეს კი, 19:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში დაგეგმილია „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლის ვებ დირექტორის, მწერალ სანდრო ასათიანის ღია ლექცია ინტერაციული წიგნების თემაზე, სადაც „ქართული ანბანის“ წარდგენაც მოხდება. ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„საბას“ ელექტრონული წიგნების სახლი თიბისი ბანკმა 4 თვის წინ შექმნა. მასში, პრემია „საბას“ ლაურეატ და ნომინანტ წიგნებთან ერთად, მკითხველებს შეუძლიათ შეიძინონ ბესტსელერები და კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები, ელექტრონული სახით. „საბასთვის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საბავშვო წიგნების სერია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინტერაქციული წიგნების შექმნა მომავალშიც იგეგმება.