ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, 2014 წლის შემდეგ, ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს.
პეტრიაშვილის თქმით, კონკრეტული კონსულტაციები იწყება და ზუსტდება საქართველომ მონაწილეობა როგორი ფორმით უნდა მიიიღოს.
„შემიძლია გითხრათ, საქართველო აქტიურად ჩაერთვება. საქართველო არა იმიტომ მონაწილეობს, რომ ვინმეს თავი მოაწონოს და ნატოში გასაწევრიანებლად უფრო დიდი ნაბიჯი გადადგას ადამედ, რეგიონში უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებებსაც ეხმიანება.
მისი თქმით, ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს მთავრობის მტკიცე ნებას მიესალმება, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის სრულ პატივისცემას გულისხმობს.
ალექსი პეტრიაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მნიშვნელობაზეც საუბრობს.
„საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სხდომაზე გულწრფელად ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იქ სიტყვითაც გამოვიდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობა ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ ისწრაფვის“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.