ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური გერმანიის აღმოსავლეთ კომიტეტის ბიზნეს დელეგაციას შეხვდა.
როგორც from.ge -ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ბიზნესწრეებს შორის ახალი პარტნიორობის პერსპექტივა განიხილეს.
„გერმანელმა კოლეგებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოსადმი. განსაკუთრებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა. ბევრ საინტერესო პროექტზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის პროექტებში გერმანული მხარის მონაწილეობაზე. საქართველოში მალე ვიგრძნობთ ამ შეხვედრების შედეგს - გერმანელი ინვესტორები დიდი სიამოვნებით დააბანდებენ კაპიტალს საქართველოში“, - განაცხადა ხადურმა.
გერმანიის აღმოსავლეთ კომიტეტის დირექტორის რაინერ ლინდნერსთის განცხადებით, შეხვედრაზე იმ სფეროების შესახებ, ისაუბრეს, სადაც განსაკუთრებით მაღალია გერმანული მხრიდან დაინტერესება.
„გერმანული დელეგაციის შემადგენლობაში ამჟამად 20-მდე ფირმაა წარმოდგენილი. ვისაუბრეთ იმ სფეროების შესახებ, სადაც განსაკუთრებით მაღალია გერმანული მხრიდან დაინტერესება. ესაა ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა. ჩვენთვის ასევე საინტერესოა სოციალური და ჯანდაცვის სექტორები. გვსურს ამ მიმართულებით თქვენი დახმარება და ამ სფეროებში ინვესტირება“, - განაცხადა გერმანიის აღმოსავლეთ კომიტეტის დირექტორმა, რაინერ ლინდნერსთმა.
გერმანული დელეგაციის შემადგენლობაში არიან გერმანიის აღმოსავლეთ კომიტეტის დირექტორი, პროფესორი რაინერ ლინდნერსთი და გერმანელი ბიზნესმენები.
შეხვდრას ასევე დაესწრნენ საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლები. მხარეებმა იმსჯელეს გერმანულ-ქართულ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე.