ნატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას მიესალმება.
როგორც from.ge-ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც საქართველომ ალიანსისგან მიიღო.
„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო წლიური ეროვნული პროგრამისა (ANP) და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ეფექტურ გამოყენებას განაგრძობს. საქართველოში 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა დოკუმენტში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გზაზე და მიღწევა რეგიონის ისტორიაში. ამავე დროს, ნატო-ს მიერ გამოთქმულია კრიტიკაც, იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო გარემო იყო პოლარიზებული, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებისა და ზეწოლის შემთხვევებს, რომელთა შედეგადაც განხორციელდა დაკავებები და ჯარიმები, ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის ფონზე, მისასალმებელია საქართველოს ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. ალიანსი ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას მიესალმება. და ბოლოს, ნატო კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს, როგორც ალიანსის არა წევრი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში“, - აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატაში.