პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი სერგო ბიწაძე დააკავეს.
ბიწაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, სერგო ბიწაძე თეთრაძის გარდაცვალებისას, გლდანის ციხის თანამშრომელი იყო.
ადვოკატის ინფორმაციით, ბიწაძეს ბრალი უკვე წარედგინა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს, ალექსანდრე მუხაძეს და სერგო ბიწაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ. რაც შეეხება ეპიზოდს - ისინი ბრალდებულები არიან სერგო თეთრაძის გლდანის ციხიდან ხელბორკილებით გამოყვანაში, გაურკვეველი მიმართულებით წაყვანასა და ნაცემ მდგომარეობაში დაწესებულებაში მის დაბრუნებაში“,- განაცხადა გაბაიძემ.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე მუხაძე საქართველოში არ იმყოფება და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გოგიტა გაბაიძემ გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ადვოკატიც არის.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმის განახლებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება 28 ნოემბერს გაავრცელა.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ საქემზე ვინმე სისაური უკვე დააკავეს, ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი პატიმრობაში იმყოფებიან.
მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული საქმე 2011 წელს შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, თუმცა აღნიშნული საქმის გამოძიება 2012 წლის 14 ნოემბერს განახლდა.
საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები და მოწმეთა ჩვენებები.
საქმის მიხედვით, ბრალდებული თეთრაძე #8-ე საპყრობილეში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც გადაიყვანეს #18-ე სამკურნალო დაწესებულებაში. კბილაშვილის თქმით, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დასახელდა. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ნახეთქი ჭრილობა.
გამოძიების მასალების მიხედვით, პატიმარმა ზემოაღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე მიიღო. კბილაშვილის განმარტებით კი, ეს დადგენილება სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს. მისივე თქმით, 2012 წლის 14 ნოემბერს გაუქმდა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ, ჩატარდა გამოძიება და დაიკითხნენ მოწმეები.
„მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პატიმარი თეთრაძე, #8-ე საპყრობილის ტერიტორიიდან, შინაგანაწესის უხეში დარღვევით, უკანონოდ გაიყვანეს გლდანის საპყრობილის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მანქანით. მუხაძე თავადაც იმყოფებოდა მანქანაში. მოწმეები ადასტურებენ, რომ 4-5 საათის შემდეგ თეთრაძე იმავე მანქანით იმავე პირებმა დააბრუნეს ციხის ტერიტორიაზე. იგი მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან, იყო წელში მოხრილი და სიარული უჭირდა. ამასთან, მორიგე ექიმი ადასტურებს, რომ პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა #53-ე საკანში, არამედ კარანტინის ნახევრად სარდაფულ საკანში“, - განაცხადა კბილაშვილმა 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მოწმის სახით დაკითხული ალექსი ტერაშვილი ყვება, რომ ციხის სარეჟიმო სამსახურის უფროსის, ოლეგ ფაცაციასა და უსაფრთხოების უფროს ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით მან და პატიმარმა სისაურმა განახორციელეს ფიზიკური ძალადობა თეთრაძის მიმართ და მას 20 წუთის განმავლობაში სცემდნენ განსაკუთრებული სისასტიკით, წამებით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობით, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და გონების მოუსვლელად გარდაიცვალა.
კბილაშვილის განმარტებით, ადგილი ჰქონდა დანაშაულისა და კვალის დაფარვას, ასევე, გამოძიებისათვის მიცემულ ცრუ ჩვენებებს. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია უშუალო აღმსრულებელი სისაური, ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.