საპარლამენტო უმცირესობა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში ჩამატებული მე-19 მუხლის ამოღებას ითხოვს, რომელიც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სტატუსის მქონე პირების მიმართ პოლიტიკური ამინისტიის გამოცხადებას გულისხმობს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, უმცირესობამ ამ მუხლის ამოღება კენჭისყრაზე დააყენა, მაგრამ საკითხი ჩავარდა.
როგორც from-ge-ს უმცირესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, ეს მუხლი ეწინაღმდეგება ამინისტიის ძირითად პრინციპს, რადგან ამინისტია შეიძლება გამოცხადდეს ცალკეული მუხლების ან ერთგვაროვანი მუხლების მიხედვით.
„ამ შემთხვევაში, ამ პრინციპს ვცდებით და შეიძლება იყოს ერთი და იმავე დანაშაულისთვის მსჯავდებული ორი პირი, რომლებსაც ეს ეხებათ, მაგრამ ერთი გათავისუფლდეს და მეორე არა“, - დასძინა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით, რომლის მიხედვითაც, პირებს პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ, ცუდი პრეცედენტი შეიქმნა და ამის გაგრძელება სხვა სამართლებრივ აქტებში არ უნდა მოხდეს.
კანონპროექტს მე-19 მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც, იმ პირების მიმართ პოლიტიკური ამინისტია გამოცხადდება, რომელთაც პარლამენტმა პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭათ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, დადგენილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, 190 ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 25 პირს პოლიტდევნილის.