მე-4 ბრიგადის ყოფილი სერჟანტები ლაშა გოგიტიძე და ლევან ირემაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და გენერალ გიორგი კალანდაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„გვინდა განგიცხადოთ, რომ სამხედრო ძალების რიგებში 2007 წლიდან ვმსახურობდით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ჯარი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია მოვიდა, რომელიც წარმოუდგენელი მონდომებით შეუდგა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჯარის შენებას. მორალურ კუთხეს და ჯარისკაცების გვერდში დგომას რაც შეეხება, ამ ადამიანმა გამოხატა იმით, რომ თვეობით იმყოფებოდა და ცხოვრობდა სხვადასხვა ბრიგადებში და ჯარისკაცებთან ერთად ჯარისკაცული ცხოვრების სირთულეებს იზიარებდა. გარდა ამისა, ამ ადამიანის მინისტრობის დროს დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ გიგი კალანდაძე, რომელმაც შეძლო ქართული შეარაღებული ძალები ერთმუშტად შეეკრა და მისი პატრიოტიზმი გადამდები ყოფილიყო თითოეული ჯარისკაცისათვის. ბაჩო ახალაიას და მის გუნდს მოუწია არაერთი სამხედრო პირის და "ვაი-ჯარისკაცის" განაწყენება და მათი ჩამოცილება იმ საპასუხისმგებლო პოსტებიდან, რომელსაც მინისტრის აზრით, სხვა შემართება და პატრიოტიზმი სჭირდებოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ ამ ადამიანების სასირცხვილო საქციელებს და ჩვენებებს, რაც განპირობებულია ბაჩო ახალაიას და მთლიანად ქვეყნის მიმართ რევანშის გრძნობით. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ჯარის სული და გული ყველა სახელმწიფოში მოქმედი გენერალი და გენერალური შტაბის უფროსი ცილისმწამებლური ბრალდებით სამარცხვინოდ და მაქსიმალური შეურაცხყოფის მიყენებით დააკავეს იმ დაწესებულებაში, რის მშენებლობასაც იყო გადაყოლილი ეს ადამიანი" - აღნიშნულია განცხადებაში.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები დღევანდელი ჯარის მეთაურებს მიმართავენ, რომ სწორად გაიაზრონ ამ ინსტიტუტის ღირებულება და თუ არაფერს შემატებენ, ნუ დაანგრევენ მაინც.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით დიდი ბრიტანეთში და ამაზე ჩვენზე მეტად დამერწმუნეთ, არავის შესტკივა გული, უბრალოდ ჩვენმა კეთილისმსურველებმა დროულად გაგვანდეს დღევანდელი ხელისუფლების გეგმა, რომლის ნაწილი შესრულებულია და იდევნება ჯარის არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომ მათ რიგებში ერთ-ერთი პირველები ჩვენ უნდა ვყოფილიყავით და თვითონ დაგვეხმარნენ დაგვეტოვებინა საქართველო. იმედია ეს განცდა მალე დასრულდება და მოგვეცემა საშუალება ყველა პატრიოტმა ერთად ვაკეთოთ ჩვენი საქმე" - აცხადებენ სერჟანტები.