ნიკა ჩიტაძე: გაუგებარია, რატომ შეიძლება ყოფილიყო, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში პალესტინის სტატუსის ამაღლება

ნიკა ჩიტაძე: გაუგებარია, რატომ შეიძლება ყოფილიყო, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში პალესტინის სტატუსის ამაღლება

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან თავი უნდა შეეკავებინა.

ამის შესახებ ჩიტაძემ „პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თავი უნდა შეეკავებინა ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ისრაელთან მეგობრული ურთიერთობები, აშშ-ის პოზიცია, "ჰამასის" ფაქტორი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი, საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიები და ასევე ის, რომ მან კოსოვოს დამოკიდებლობას მხარი არ დაუჭირა.

„შესაძლებელი იყო საქართველოს თავი შეეკავებინა და არც ისრაელთან გაეფუჭებინა ურთიერთობა და არც ახლო აღმოსავლეთის არაბულენოვან ქვეყნებთან. რაც შეეხება პალესტინის დამოუკიდებლობას, ეს ორმხრივი კონსულტაციის შედეგად გადასაწყვეტი საკითხია და ნაკლებად არის გაერო-ს კომპეტენცია, თუმცა ეს არ არის პანიკის საფუძველი და არ ნიშნავს, რომ პალესტინა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება. ამისთვის გაერო-ს უშიშრობის საბჭომ ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყვიტოს, შემდეგ კი გენერალურ ასამბლეას წარუდგინოს, თუმცა აშშ აუცილებლად გამოიყენებს თავის ვეტოს უფლებას უშიშროების საბჭოში" - განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ისეთი პატარა ქვეყნისთვისაც, როგორიც საქართველოა, ზოგჯერ ხდება თამამი გადაწყვეტილებების მიღება, თუ ეს ქვეყნის ინტერესებში შედის, როგორც ეს იყო კოსოვოს დამოკიდებლობისთვის მხარის არდაჭერა და ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღება. თუმცა, პალესტინის სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, ჩიტაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება, ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ყოფილიყო.

 

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის არაბულენოვან ქვეყნებთან გამართული კონსულტაციები და მათგან ინვესტიციების მოზიდვის ინტერესი ყოფილიყო, ასევე რუსეთთან პოზიციების თანხვედრის მცდელობა, თუმცა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ისრაელთან და აშშ-სთან ბევრად უფრო მეგობრული ურთიერთობები დაზარალებულიყო.