აშშ-ის ელჩის საქართველოში, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილება პალესტინაში მშვიდობის გამტკიცებას ხელს არ შეუწყობს.
„გვესმის, რატომ დაუჭირა მხარი საქართველომ პალესტინის ამგვარ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ეს არ იყო აშშ-ის პოზიცია. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო მონდომებულია, მიაღწიოს, რომ ახლო აღმოსავლეთში ორმა დამოუკიდებელმა ქვეყანამ მშვიდობიანად თანაარსებობა შეძლონ და პალესტინაში მშვიდობა დამყარდეს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს პალესტინაში მშვიდობის გამტკიცებას, თუმცა მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას მივაღწიოთ რეგიონში მშვიდობას“, - განაცხადა ნორლანდმა.
ცნობისთვის, პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის.
პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა.
სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.