პრემიერთან საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი იქმნება. დეპარტამენტს სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე უხელმძღვანელებს.
როგორც გორგილაძე from.ge-სთან საუბარში აცხადებს, დეპარტამენტის ფუნქციაა საზოგადოების ინფორმირება, ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ, განხორციელდება.
მისი თქმით,დეპარტამენტის შექმნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის ჩამოყალიბება ჯერ ფორმირების პროცესშია.
„პრემიერთან საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის ფორმირება დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. რაკი ამ დეპარტამენტში ინტეგრირებული კომუნიკაციები იგულისხმება, სხვადასხვა ხერხების მეშვეობით, ჩვენი ძირითადი ამოცანა საზოგადოების ინფორმირებულობა იქნება. ეს საკომუნიკაციო ხერხი შეიძლება იყოს მედია, სოციალური მედია, ელექტრონული მედია, შეიძლება იყოს შეხვედრები, ბრიფინგები სხვადასხვა აქციები და აშ“, - განაცხადა გორგილაძემ.
კითხვის პასუხად, დეპარტამენტი მოახდენს თუ არა რეაგირებას, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა გამომცემლობის მიერ, დაწერილ სტატიებზე, გორგილაძე აცხადებს, რომ დეპარტამენტი ვიღაცის აქტივობებზე საპასუხოდ კონტრშეტევების განსახორციელებლად არ შექმნილა, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი ამოცანა სწორი ინფორმაციის გავრცელება და არსებულ პროცესებზე ობიექტური რეალობის წარდგენა იქნება.
„ჩვენ, ნაკლებად გვაღელვებს, რას აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე, რომელიც ძირითადად დეზინფორმაციითაა დაკავებული, მაგრამ სწორი ინფორმაციის გაცემა და არსებულ პროცესებზე ინფორმირებულობა და ობიექტური რეალობის წარდგენა ჩვენი ამოცანაა“, - განაცხადა გორგილაძემ.