საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის (PFM) კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.
როგორც from.ge-ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას დაესწრნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, აღმოსავლეთ სამეზობლოს გეოგრაფიული კოორდინირების განყოფილების ხელმძღვანელი ანდრეა ფონტანა, ევროპის დახმარების სამსახურის ოფიცერი თანამშრომლობის სფეროში ინგრიდ შვაიგერი და ოფიცერი პოლიტიკის საკითხებში პიერ დიუბმანი.
„შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. სახელმწიფო ფინანსების მართვის პროგრამა ითვალისწინებს ბიუჯეტის გამჭვირვალობას, საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფას. აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ვისაუბრეთ 2014-2017 წლების გეგმებზე, მათ შორის, სამი ძირითადი მიმართულებით: პირველი შეეხება ბიუჯეტის ეფექტიანობის ზრდას, მის გამჭვირვალობას, მეორე ესაა ფისკალური დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვიმმართველობების უზრუნველყოფა საკუთარი ფულადი შემოსავლებით და მესამე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველა ეს მიმართულება ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია“,- განაცხადა ხადურმა.
მისი თქმით, დაწყებულია ფინანსთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. „მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი დაგვეხმარება ამ პროცესში, რათა ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს გრძელვადიანი განვითარების პროგრამა. მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ სერიოზული ხედვა ქვეყნის ეკონომიკისა და საბიუჯეტო პროცესის განვითარების შესახებ“, - განაცხადა ხადურმა.
ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან ჩამოსული მისიის ძირითადი მიზანი იყო საქართველოში არსებული სიტუაციის გაცნობა.
„ასევე, 2014-2017 წლებისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დაგეგმვა. შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ქართული მხარის ხედვა სამომავლო პროექტებზე, რომელთა ირგვლივ მოლაპარაკებების შედეგად დაიგეგმება ჩვენი ახალი სტრატეგია“, - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.