საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პანკისის მცხოვრებლებს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პანკისის ხეობის ჩეჩნებმა იუსტიციის სამინისტროსთან ახმედ ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები თეა წულუკიანმა მიიღო და მათ ჩატაევთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოსა და იუსტიციის სამინისტროს პოზიცია განუმარტა.
მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ უარი თქვა ახმედ ჩატაევის რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემაზე და ეს იუსტიციის სამინისტროს პრინციპული პოზიციაა. მან წარსულში განხორციელებული ექსტრადიციის შედეგებიც გაიხსენა, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ 2002 წელს გადაცემული ხუთი ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მინისტრმა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემული ორი ჩეჩენიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ტრადიაცია საქართველოში უნდა დასრულდეს.
„რაც შეეხება სს საქმეს ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით, ერთადერთი გარანტია, რომელიც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ ახმედ ჩატაევის და ნებისმიერი სხვა პირის საქმე დასრულდება იმ შედეგით, რომელიც გამომდინარეობს მხოლოდ რეალური მტკიცებულებებიდან და წარიმართება სამართლიანობის პრინციპის დაცვით. მინდა პანკისის მოსახლეობამ იცოდეს - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, მთავრობის სხვა წევრების და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახით, მათ ჰყავთ გულშემატკივრები საქართველოს ხელისუფლებაში" - განაცხადა წულუკიანმა.
შეხვედრის შემდეგ პანკისის მცხოვრებლების სახელით საკუთარი პოზიცია გამოხატა მექა ხანგოშვილმა.
მისი განცხადებით, მოულოდნელი და მისასალმებელია, როდესაც მინისტრი უსმენს და ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სატკივარს სახელმწიფო უწყების წინ გამოხატავენ.
ხანგოშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრი პანკისის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საქართველოში არცერთი ადამიანის უფლება არ იქნება დარღვეული, რაც არამარტო პანკისის მცხოვრებლებისათვის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.