ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე „ქართული ოცნების" მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში „შალვა რამიშვილის დილაში" სტუმრობისას განაცხადა.
„კახი კალაძე, რომელიც პატივსაცემი ადამიანი და კარგი ფეხბურთელია, ვფიქრობ ხოლმე, რომ აი, ტერმინი პოლიტიკური დევნა ხომ არის, „ქართული ოცნების" მიმართ სწორედ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, იმიტომ რომ „ნაციონალების" გარეშე ვერ სუნთქავს ეს ადამიანი, მარტო „ნაციონალების" გარემოცვაში გრძნობს თავს კარგად. მერე არასწორი განმარტებები გააკეთა, როცა ამბობს, რომ ციხის ბუნტთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხიო. რა კითხვებზე აქვს პასუხი, ერთი უნდა ვკითხო, ხალხი რომ დაიხოცა ამაზე შეიძლება, პასუხი გქონდეს?! დემოკრატიას სჭირდება შენება, დემოკრატიასთან კეკლუცი არ გამოდის. „ჩვენ ვართ ობიექტურები", ობიექტური კი არა, როცა უსამართლობას ამბობ, იქნები უსამართლო, ამას არ შველის დემოკრატიასთან კეკლუცობა, დემოკრატიას სჭირდება დაცვა და შენება" - განაცხადა მაღრაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მოხელეებმა განმარტებები უნდა აკეთონ მკაფიო და მარტივი, რათა მოსახლეობამდე მივიდეს ის, რასაც ამბობ.
„განათლების მინისტრმა იმდენი იუარა, რომ ხალხს დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს სტუდენტისთვის სწავლა გაძვირდა, სინამდვილეში კი პირიქით აღმოჩნდა"- აცხადებს მაღრაძე.