სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დაწესებულების რეაბილიტაცია ახალი წლისთვის დასრულდება.
ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც უწყებაში დაგვხვდა და საახალწლოდ უნდა აღმოიფხვრას, ეს არის არასრულწლოვანთა დაწესებულება. აგვისტოში იქ მოხდა ამბოხება და პრაქტიკულად მთელი დაწესებულება განადგურდა. იქ აღარც საცხოვრებელი პირობები და აღარც სკოლაა. არსრულწლოვნები გადაყვანილი არიან ისეთ პირობებში, სადაც მათი ყოფნა პრაქტიკულად, დაუშვებელია. ძლივს მოვახერხეთ, რომ მათთვის, შესაძლებელი ყოფილიყო განათლების მიღება. მშენებლები მაქსიმალური დატვირთვით დღე და ღამე მუშაობენ. ახალი წლისთვის შენობა მწყობრში ჩადგება და ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს“ - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაურკვეველი მიზეზებით შეჩერდა, რის გამოც 1 თვე დაიკარგა.
ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, არასრულწლოვანთა დაწესებულებას მალე დამატებითი ფართობი შეემატება და სკოლა ცალკე ტერიტორიაზე აშენდება.
„ამ დაწესებულების გვერდით არის 3500 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს და მალე, ალბათ გადმოგვეცემა. ეს ფართობიც შეემატება და მეტი სივრცე იქნება ბავშვებისათვის. თუკი დღეს სკოლა და საცხოვრებელი ერთად არის განთავსებული, სკოლა ახალ ტერიტორიაზე აშენდება“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.