სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, პატიმრის გათავისუფლების შესახებ, გადაწყვეტილებები არა მათი შიმშილობით არამედ, კანონის შესაბამისად მიიღება.
ამის შესახებ, სოზარ სუბარმა დღეს for.ge - ს პრესკლუბში ისაუბრა და ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიდისთ დაავადებული პატიმრების შიმშილობის ფაქტს გამოეხმაურა.
სუბარის განცხადებით, ამჟამად ქსნის #15 საპატიმროში 12 პატიმარი შიმშილობს.
„ქსნის დაწესებულებაში 12 პატიმარმა უარი თქვა წამლების მიღებაზე და გათავისუფლებას ითხოვენ. აქ საუბარია შიდსით დაავადებულ პატიმრებზე. გათავისუფლებას რაც შეეხება, იმ ადამიანების სია, რომელთა მკურნალობა ციხის პირობებში შეუძლებელია, გადაეგზავნა პრეზიდენტს, რომ შეწყალებით გამოვიდნენ და დანარჩენებთან დაკავშირებით, ალბათ, ყველა პატიმარს აქვს დაავადება, ისევე, როგორც საზოგადოებაში ვერ აღმოაჩენთ აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანს.
შიდსი და ტუბერკულოზი ეს ორი ისეთი სტანდარტია, რომელზედაც ციხეში და ციხის გარეთაც აბსოლუტურად თანაბარი პირობებია, რადგან ერთი და იგივე პროგრამა მოქმედებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ადამიანებმა მიიღონ მკურნალობა, რომელიც ეკუთვნით. შესაბამისად, შიმშილობა მათი გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება. გადაწყვეტილებები მიიღება არა შიმშილობის არამედ, კანონის შესაბამისად“, - განაცხადა სუბარმა და პატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.