2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს საბიუჯეტო დაფინანსება უმცირდებათ.
დღეს, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ბიუჯეტის პარამეტრებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ ისაუბრა.
პროექტის თანახმად, 4,4 მლნ ლარით იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები მცირდება, 3,7 მლნ ლარი უშიშროების საბჭოს აპარატს აკლდება, ხოლო, 0,7 მლნ ლარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნებებს აკლდება.
ამასთან, 1,6 მლნ ლარით რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ასიგნებები მცირდება, ხოლო 65,6 მლნ ლარით მცირდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვისთვის განკუთვნილი ასიგნებები.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით, კურსის გამყარების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიიდან გამომდინარე 1,3 მლნ ლარით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების საწევროები მცირდება.