საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის კომენტარზე განცხადებას ავრცელებს , რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ყურადღებით გავეცანით პრემიერ–მინისტრ მედვედევის კომენტარს საქართველოს მიმართ, რომელიც მან გაზეთ „კომერსანტის" ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა. მისასალმებელია, რომ ბატონი მედვედევი დადებითად ეკიდება საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან დიალოგის, ასევე, რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული, კულტურული, სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ერთ–ერთი პირველი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან პროგნოზირებადი, პრაგმატული და კეთილსინდისიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ამასთანავე, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისა და მისი შემდგომი მოვლენების შეფასებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხებში, ქართულ და რუსულ მხარეებს კარდინალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე. ჩვენც ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ეს არ არის იოლი გზა და რეალური შედეგების მიღწევას დრო და დიდი მონდომება დასჭირდება. ჩიხში შესვლა იოლი საქმეა, გამოსვლა კი – მეტად რთული.
საერთო ინტერესების ძიება, ჩვენი აზრით, უნდა მოხდეს ყოველგვარი წინაპირობების, განსაკუთრებით კი ისეთი სახის დათქმების გარეშე, რომლებიც დასაწყისშივე გამორიცხავს დიალოგის წარმატებას.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების მოგვარება სრულად შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესებს" - ნათქვამია ზურაბ აბაშიძის განცხადებაში.