შემოსავლების სამსახური 3 დეკემბრიდან ე.წ. საკონტროლო შესყიდვებს ააქტიურებს. როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერეციაზე განაცხადა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს.
მისივე თქმით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს შეუძლია საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის დარღვევამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურეობრივი მიზანი, გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში და დააკვირდეს მოლარის მიერ ფულის მიღებისას სალარო აპარატის გამოყენების პროცედურას.
„იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან მომხმარებელისთვის ამობეჭდილი ქვითარის-ჩეკის წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი დაუყოვნებლივ შეადგინოს. ამასთან, აღნიშნული პროცედურა შესაძლოა, ერთსა და იმავე ობიექტში სისტემატურად ჩატარდეს" - განაცხადა მოსიწრაფიშვილმა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის ალექსანდრე კვიტაშვილის განმარტებით, არსებობს სამი სახის დარღვევა: პირველი, როდესაც მეწარმეს საერთოდ არ აქვს სალარო აპარატი, მეორე – როდესაც აქვს მაგრამ არ იყენებს მას და მესამე – როდესაც აქვს სალარო აპარატი მაგრამ, ის ფაქტობრივზე ნაკლებ თანხას აჩვენებს.
მისივე თქმით, სამივე სახის დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა 500 ლარს შეადგენს. შემოსავლების სამსახური მეწარმეებს მოუწოდებს, გამოიყენონ სალარო აპარატები, რათა პრობლემები თავიდან აიცილონ.