შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა თვეებთან შედარებით, წვრილმანი დანაშაულების შემთხვევები თითქმის 50%-ით გაიზარდა, თუმცა საგანგაშო არაფერია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრტში" საუბრისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დროს გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა, რითაც წვრილმანმა ხულიგნებმა ისარგებლეს და ქურდობებისა და წვრილმანი დანაშაულის შემთხვევებმა იმატა. თუმცა, მინისტრი პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში სამართალდამცავი ორგანოები მთელი ქვეყნის მასშტაბით სიტუაციის სრულ კონტროლს შეძლებენ.
მისივე განცხადებით, სამინისტროს დანაყოფების ჩამოყალიბების პროცესი დაახლოებით სამი კვირაა, რაც დასრულდა და უკვე გასული ერთი კვირის განმავლობაში დანაშაულის პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კრიმინალურმა და საპატრულო პოლიციამ მუშაობა აქტიურად განაახლეს, ბოლო დღეების განმავლობაში გაიხსნა არაერთი ძველი თუ ახალი საქმე, მათ შორის მკვლელობებიც და უახლოეს მომავალში, ყველაფერი საჭირო კონდიციებს დაუბრუნდება.
ამასთან, მინისტრმა მოუწოდა კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, ნუ შექმნიან პანიკას, პროცესებს გაგებით მოეკიდონ და სამინისტროს საჭირო რეფორმების გატარებაში ხელს ნუ შეუშლიან.