ნონა მჭედლიშვილი "თავისუფლება"
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, დაპირებისამებრ, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის მიზეზები და მიზნები სპეციალურ ვრცელ განცხადებაში ჩამოაყალიბა. ამ განცხადების თანახმად, იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის ქმნის პოლიტიკურ პარტიას, რომლის მიზანი არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგებაა. თავად ბიძინა ივანიშვილი კი მზადაა პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.
”სრულ და დაზუსტებულ ჩამონათვალს, თუ რის გაკეთებას ვაპირებ, საზოგადოება მომავალი პარტიის პროგრამაში იხილავს”, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში, რომელშიც მისი პოლიტიკური მიზნები და ამოცანებია ჩამოყალიბებული. ამ განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მზადაა მომავალი 2-3 წლის განმავლობაში პირადად გაუწიოს კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:
შეიქმნას ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი და განხორციელდეს ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მომავალში კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების საშუალებას არავის მისცემს; პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბიძინა ივანიშვილი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა იკისროს მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, განსაკუთრებით მასშტაბური ელიტარული კორუფციის აღმოფხვრის მიზნით. პირველი რიგის ამოცანებს შორის ბიზნესმენი ასახელებს ასევე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენის პერსპექტივის გამოკვეთას, საინვესტიციო და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის აღორძინებას, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მეგობრობისა და ინტეგრაციის გაღრმავებას.
ამ ამოცანების მონახაზს საფუძვლად მოქმედი ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკა უდევს, რაც პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს აფიქრებინებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ფიგურაა:
”გააჩნია რა შედეგს მიაღწევს პოლიტიკური ბრძოლის პროცესში. ჯერჯერობით თვითონ განზრახული აქვს იყოს ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე, მაქსიმალური პოლიტიკური მხარდაჭერით, და მიაღწევს თუ არა ამ მიზანს, ამას უკვე პოლიტიკური ბრძოლა გვაჩვენებს.”
ამ ეტაპზე კი, რამაზ საყვარელიძის განმარტებით, ყურადღებას იმსახურებს ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელევიზიების, განსაკუთრებით ოპოზიციური ტელევიზიების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები. ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს შეფასებები ზედმეტად კრიტიკულია. ბიძინა ივანიშვილი თავის განცხადებაში, კერძოდ, ”მაესტროსა” და ”კავკასიას” სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებად განიხილავს და მათ ხელისუფლებისაგან კონტროლირებადს უწოდებს. კრიტიკის გარდა, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის არანაკლებ მოულოდნელი აღმოჩნდა ის შეთავაზებაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიების მისამართით გააკეთა:
”შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემის ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი არსებობს სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს: გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდირებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.”
ბიძინა ივანიშვილი მაქსიმუმ ორ წელიწადში ტელევზიების მფლობელებს საკუთრების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაბრუნებას ჰპირდება და პირობას დებს, რომ დაბრუნების მომენტში ტელევიზიების დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.
ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე ამბობს, რომ მსჯელობა ნებისმიერ საკითხზე შეიძლება, მთავარია შედეგი. ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კი, მამუკა ღლონტი, სააგენტო ”ინტერპრესნიუსთან” აკონკრეტებს, რომ ”მაესტროს” საკონტროლო პაკეტი არ იყიდება:
”არ არსებობს არა მარტო დედამიწაზე, არამედ გალაქტიკაში და სამყაროში ფასი, რომლითაც ჩვენ გავყიდით მაესტროს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილია ქვეყნის პრეზიდენტი.”
აქვე შევნიშნავთ, რომ, განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების შექმნის ერთ-ერთ პირობად მედიასაშუალებების განვითარებას მიიჩნევს და ამისათვის ტელევიზიის, გაზეთებისა და ინტერნეტგამოცემების ერთობლიობას, ანუ მედიაცენტრის ჩამოყალიბებას თავადაც გეგმავს.
რაც შეეხება მის განცხადებაზე პოლიტიკური პარტიებიდან გამოხმაურებას: მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ღირსებითა და ფასეულობებით ვერ გაამდიდრებს, ოპოზიციის ფლანგზე კი ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან თანამშრომლობის შესახებ საუბარი ნაადრევად ეჩვენებათ და ამბობენ, რომ ბიზნესმენის პარტიასთან თანამშრომლობის საკითხი პარტიის შემადგენლობის გაცნობის შემდეგ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში.
938
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85