თბილისის საქალაქო სასამართლო გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი კალანდაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულ გიორგი კალანდაძის მიმართ არ იქნა გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დამძიმდა, აღნიშნული არ წარმოადგენს სისხლის სამართლის ახალ საქმეს. 2012 წლის 8 ნოემბერს პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და ასევე სისხლის სამართლის საქმე ბაჩანა ახალიას, გიორგი კალანდაძის და სხვა პირების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმე ერთ წარმოებაში გაერთიანდა. ხოლო მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს კვლავ მომართა ახალი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. თუმცა ბრალდებულის მიმართ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კალანდაძეს უკვე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება ჯარიმის სახით. წინასასამართლო სხდომა გაიმართება 25 დეკემბერს, 15:00 საათზე" - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.