მაია ფანჯიკიძე: საქართველო ავღანეთის მისიაში მონაწილეობას 2014 წლის შემდეგაც მიიღებს

მაია ფანჯიკიძე: საქართველო ავღანეთის მისიაში მონაწილეობას 2014 წლის შემდეგაც მიიღებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ საქართველო ავღანეთის მისიაში მონაწილეობას 2014 წლის შემდეგაც მიიღებს. ამის შესახებ მან დღეს გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს დეივიდ ლიდინგტონს განუცხადა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა და შევეხეთ ბევრ თემას. ვილაპარაკეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყვეტ კურსზე ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ვისაუბრეთ რუსეთთან ურთიერთობებზეც. ასევე ორმხრივ თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ისეთ საინტერესო თემებს, როგორიცაა ახლო აღმოსაველთში არსებული სიტუაცია. ასევე ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. მე მას დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, რომ 2014 წლის შემდეგაც, იმ ფორმატში, რომელიც იქნება მოლაპარაკებული ნატო-ს ქვეყნებს შორის, საქართველო მიიღებს მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

დევიდ ლიდინგტონმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ის გაამხნევა საგარეო საქმეთა მინიტრის განცხადებამ, რომ საქართველო გააგრძელებს ნატო-სთან და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს.

„გვჯერა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და მისი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახზე გადის. მივესალმებით საქართველოს  არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, რაც არის მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ გლობალური საკითხები – ავღანეთი, ირანი, არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები. პოლიტიკური თემების გარდა ვისაუბრეთ კომერციულ ურთიერთობებზე. ძალიან მალე საქართველოში ჩამოვა ჩვენი სამრეწველო მისია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ორ ქვეყანას შორის კომერციული ურთიერთობების გაღრმავებით. მე ასევე ძალიან ნათლად გავუსვი ხაზი, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს და ერთგულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვენერიტეტის" - განაცხადა ლიდინგტონმა და დასძინა, რომ არის უამრავი პრინციპი, რომელიც არ შეიცვლება.

გაერთიანებულ სამეფოს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი საქართველოს დღეს ეწვია, ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვლს, უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

დეივიდ ლიდინგტონი ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისსაც ეწვევა.