ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს სარა ვილიამსონს შეხვდა.
„შეხვედრა იყო ორმხრივად სასარგებლო. ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც ვგეგმავთ, მათ შორის, საგადასახადო სფეროში, ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით. რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის პროცესი ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რათა საგადასახადო კოდექსი იყოს უფრო სრულყოფილი და პასუხობდეს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა ხადურმა.
ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა.
„ჩვენი შეხვედრა პოზიტიური იყო. მინისტრმა ისაუბრა ინიციატივებზე, რომელიც ეკონომიკის სფეროსა და საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებას ეხება. მივესალმებით სამინისტროს წინადადებას, განხილვების პროცესში ჩართული იყოს როგორც ბიზნესი, ასევე საზოგადოება“, - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.
ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს საელჩოსთან, საქართველოს მთავრობასთან და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, საქართველო-აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე მუშაობს.