საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პანამაში ნიგერიულ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდებიან, რაც მათი პრობლემები მოგვარდება და დაბრუნების მზაობა ექნებათ.
ფანჯიკიძის თქმით, მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე ქართველ მეზღვაურებთან ხშირად კონტაქტობს და შესაძლებლობის ფარგლებში მათ ყველა ტექნიკური პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.
„რამდენადაც იცით, გემის მეპატრონეებს ქართველ მეზღვაურებთან სახელფასო დავალიანება აქვთ, ქართველ მეზღვაურებს კი ანაზღაურების მიღების გარეშე სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ აქვთ. მეზღვაურებს საკვებისა და საწვავის მარაგიც მიეწოდათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუკავშირდა, მათ შორის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც ქართული მხარე მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებაზე მუშაობს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „მარია დელ კარმენ 2“ - ის ეკიპაჟის 12 ქართველი მეზღვაური პანამის არხში სამი თვეა ნავსადგურიდნ 5 კილომეტრის მოშორებით ღია რეიდზეა გაჩერებული. მათ არ მიეწოდებოდათ საკვები. მეზღვაურები განმარტავდნენ, რომ გემის ნიგერიელმა მეპატრონემ მათ მოულოდნელად კონტრაქტი შეუწყვიტა.