დევიდ ლიდინგტონი: ნატო-ს მინისტრები მხედველობაში მიიღებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ უჩვენა

დევიდ ლიდინგტონი: ნატო-ს მინისტრები მხედველობაში მიიღებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ უჩვენა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი დეივიდ ლიდინგტონი მიიჩნევს, რომ ნატო-ს მინისტრიალი მხედველობაში მიიღებს იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომელიც საქართველომ უჩვენა.

ამის შესახებ ლიდინგტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო დეკემბრის მინისტერიალისგან და იქნება თუ არა მისთვის შეთავაზებული თანამშრომლობის რაიმე ახალი ინსტრუმენტი.

„მოგეხსენებათ, რომ ნატო მუშაობს კონსესუსის საფუძველზე, ასე რომ, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ უნდა მისცეს თანხმობა ამა თუ იმ ნაბიჯზე. ვფიქრობ, რომ ნატო-ს მინისტრები მხედველობაში მიიღებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ თვალნათლივ უჩვენა ბოლო ასეთი შეხვედრის შემდეგ" - განაცხადა ლიდინგტონმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თავის მხრივ სურვილი გამოთქვა, რომ ეს პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა არჩევნებით და ამ არჩევნების შემდეგ მთავრობის ქმედებებით, შესაბამისად აისახოს ნატო-ს შემდეგ რეზოლუციაში.