გიორხელიძე: ყოფილ მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღებაზე სატრაბახო არაფერი აქვს,  რას გააკეთებს ახალი მთავრობა, ეს 2013 წელს გამოჩნდება

გიორხელიძე: ყოფილ მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღებაზე სატრაბახო არაფერი აქვს, რას გააკეთებს ახალი მთავრობა, ეს 2013 წელს გამოჩნდება

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძის შეფასებით, საქართველოს ყოფილ მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ წარმატებებზე საუბრის საფუძველი არ აქვს, ხოლო ამ მიმართულებით, რაც გააკეთებს ახალი მთავრობა,  ეს 2013 წელს გამოჩნდება.

ამის შესახებ, გიორხელიძემ პრეზიდენტის სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, „მე რომ პრეზიდენტი გავხდი, ბიუჯეტი სულ რაღაც 500 მილიონი ლარი იყო, ახლა თითქმის 8 მილიარდზე ადის. თუ სახლში წავიღეთ და შევჭამეთ, მაშინ საიდან მოვიდა ამდენი ფული, თუ ვიღაც ბიძამ გამოგვიგზავნა საიდანმე, ან რომელიმე მილიარდერმა მოგვცა, როგორც ზოგიერთს ჰგონია?! ნურას უკაცრავად! ეს არის გადასახადების აკრეფით, კორუფციის შემცირებით და ა.შ.“

გიორხელიძის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტი 2012 წლის ბიუჯეტიდან დიდად არ განსხვავდება და აღნიშნავს, რომ  ოდნავ შესაძლოა, შემოსავლების დაგეგმვის თვალსაზრისით მატებაა, მაგრამ რეალურად რა იქნება, ამას 2013 წელი გვიჩვენებს.

„ვფიქრობ,  ყოფილ ხელისუფლებას ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული წარმატებების საუბრის საფუძველი არ გააჩნია. ის, რომ ერთი მიმართულებით,  ჩრდილოვანი ეკონომიკა შემცირებული იქნა და შემოსავლები მიმართული იქნა ბიუჯეტში, მეორე მიმართულებით, ჩრდილოვანი ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერებულია და ამდენად, შემოსავლების თვალსაზრისითაც, რაიმე სერიოზული კარტბლანში არ შეინიშნება. ის, რაც გააჩნია საქართველოს ბიუჯეტს, ეს  ძალიან მწირი შემოსავლებია,  თვთონ ეკონომიკაა  უსაშველოდ მწირი და სუსტი, ამიტომ დიდად სატრაბახო არაფერია. ახალი ხელისუფლება რას გააკეთებს,  არის თუ არა რესურსი გაცილებით გაუმჯობესებისა ამას დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა გიორხელიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქართულ ეკონომიკაში გაცილებით მეტი პოტენციალია.

„საქართველოს ეკონომიკა დამხრჩვალია ხელოვნურად,  მთელი ეკონომიკა  რამდენიმე მონოპოლისტების ჯგუფს აქვს ჩაგდებული ხელში, რომლებიც საშუალებას არ აძლევენ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად იმოქმედონ.  ამ პირობებში,  რაიმე ზრდაზე საუბარი ძნელია. შესაბამისად, რვა მილიარდი იქნება ბიუჯეტში,  თუ 7,5 მილიარდი, ამაში არავითარი სხვაობა არ არსებობს“, - განაცხადა  გიორხელიძემ.