ბრაზილიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაური თავისუფალია და ისინი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მამუკა ახალაძის განცხადებით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი, ბერძნული მშრალტვირთმზიდი „ტინიოს ავროსი“ ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც გემი ბრაზილიის ნავსადგურში შევიდა.
მეზღვაურები კი, გემზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო იყვნენ დაპატიმრებულნი.
გემზე თხევადი გაზის ავზი აფეთქდა, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე, ერთი მეზღვაური დაიღუპა.
აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრაზილიის პოლიციამ საშიშ ნივთიერებებთან გულგრილი დამოკიდებულების ბრალდებით რამდენიმე მეზღვაური, დააკავა მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქე სამი მეზღვაურიც.
სასამართლო გამოძიება 4 თვემდე გრძელდებოდა. 19 ნოემბერს მოსამართლემ ქართველი მეზღვაურები უდანაშაულოდ სცნო.
მეზღვაურები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება, დაღუპულ ქართველ მეზღვაურ ზვიად დათუნაშვილს ის საქართველოში შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოასვენეს.