ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში კიდევ ერთი განცხადება შევიდა. ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა პროკურატურაში პატიმარ დავით ლონდარიძის განცხადება შეიტანა.
ნიკოლეიშვილის თქმით, ლონდარიძე აცხადებს, რომ სერგო თეთრაძის წინააღმდეგ ჩვენება მან ზეწოლის შედეგად მისცა.
„შარშან, 17 სექტემბერს დააკავეს დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ასევე დააკავეს გიორგი გორელაშვილი. როგორც ისინი დღეს იხსენებენ, თავდაპირველად მიიყვანეს თავდაცვის სამინისტროში და მათზე ზეწოლას უშუალოდ მეგის ქარდავა ახდენდა, თუმცა ამ ოთახში იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, მათ შორის - ბაჩანა და დავით ახალაიები. ლონდარიძე ამბობს, რომ სერგო თეთრაძის წინააღმდეგ ჩვენება ჯაშუშობის შესახებ წამების შედეგად მისცა“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ლონდარიძე მოითხოვს ამ საქმესთან დაკავშირებით ხელახლა დაკითხონ და რის შემდეგაც ზუსტ ჩვენებას მისცემს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ხელახალი დაკითხვისთვის მზად არის გიორგი გორელაშვილიც.
ლონდარიძე ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული.