"საქართველოს საკითხთან დაკავშირებით სარკოზი თავის პოზიციას კვლავ დააფიქსირებს. აქ არ არის საუბარი მკაცრ ტონზე და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სარკოზის ვიზიტის მეორე დღეს რუსეთი ჯარებს გაიყვანს. აქ საუბარია იმაზე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის მხრიდან, ასევე აშშ მხრიდან და დიპლომატიური ძალების ძალისხმევის გააქტიურების მერე, შეიძლება ეს შეთანხმება შესრულდეს. ჩვენ არ უნდა გქვოდეს იმის ილუზია, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე.
რა მოლოდინები არსებობს საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით და რას შეცვლის რუსეთისთვის ეს ფაქტი, ამის შესახებ "რეზონანსი" ექსპერტ ნიკა ჩიტიძეს ესაუბრა.
"რეზონანსი": რა მოლოდინები გაქვთ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით და რას შეცვლის ეს საქართველოსთვის?
ნიკა ჩიტიძე: ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში დათბა ურთიერთობები საფრანგეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რაც დაკავშირებულია რიგ საკითხებთან, მათ შორის იმასთან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩრდილოეთის გაზსადენის პროექტში ფრანგული კომპანიის აქციების გადაცემის თაობაზე, ასევე მისტრალის ცნობილ თემასთან დაკავშირებით მიდის საუბარი და ა. შ.
იმის ფონზე, როდესაც ასე თუ ისე დამთბარია ურთიერთობები რუსეთსა და საფრანგეთს შორის, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინტერესების მიღმა არ რჩება საქართველო და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე.
ამას ადასტურებს ისიც, რომ საფრანგეთი კვლავ სცემს პატივს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ამას ადასტურებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც სარკოზის ვიზიტის წინ, როდესაც მან თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრანგეთი პატივს სცემს.
გარდა ამისა ,ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თავად ვიზიტის ფარგლებში რიგი მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული. რაც შეეხება 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, მართალია, სარკოზი მაშინ ევროკავშირს წარმოადგენდა, მაგრამ ის პირველ რიგში საფრანგეთის პრეზიდენტია. ამიტომ რამდენად გულუბრყვილოდაც არ უნდა ჟღერდეს ჩემი მხრიდან, 6-პუნქტიანი გეგმის შესრულება სარკოზის პრესტიჟის საკითხია.
"რ": როგორ ფიქრობთ, ამ 6-პუნქტიანი გეგმის შესრულების გამო ნიკოლა სარკოზი დაძაბავს ურთიერთობას რუსეთთან? მის ინტერესებში შედის რუსეთთან მკაცრი ტონით საუბარი?
ნ. ჩ: მკაცრი ტონით არა. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით სარკოზი თავის პოზიციას კვლავ დააფიქსირებს. აქ არ არის საუბარი მკაცრ ტონზე და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სარკოზის ვიზიტის მეორე დღეს რუსეთი ჯარებს გაიყვანს. აქ საუბარია იმაზე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის მხრიდან, ასევე აშშ მხრიდან და დიპლომატიური ძალების ძალისხმევის გააქტიურების მერე, შეიძლება ეს შეთანხმება შესრულდეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება. მაგრამ ის ფაქტი, რომ საქართველოს დეოკუპაციის საკითხი კვლავ განიხილება და ის, რომ საქართველო კვლავ არის ევროკავშირის და საფრანგეთის ყუარადღების ცენტრში, სიგნალია რუსეთისთვის.
"რ": და ასევე მინდა, თელავში გამართულ შუალედურ არჩვენებზეც გკითხოთ, როგორ აფასებთ ამ არჩევნებს, რამდენად ობიექტურად ჩატარდა ის?
ნ. ჩ: გვინდა თუ არა, რეალობა გახლავთ ის, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი 50%-ს აღემატება, ეს არ არის ჩემი გამოგონება, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევები. შეიძლება, ვიღაცას მოსწონს ეს, ვიღაცას - არა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაცმოძრაობა უსწრებს თავის კონკურენტებს. ასე მგონია, რომ მოსალოდნელი იყო ნაცმოძრაობის კანდიდატის გამარჯვება ამ შემთხვევაში. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, იქ ბოლო პერიოდში გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, ბუნებრივია, ბევრი პრობლემა რჩება, ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, მაგრამ მოსალოდნელი იყო ეს შედეგი. ჩემი აზრით, მმართველ ძალას ამ რეგიონში არჩევნების გაყალბება არაფერში არ სჭირდებოდა, ამიტომ ამ არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ.
1000
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85