ყვითელი ავტობუსების მძღოლები ხვალ დილიდან მუშაობას განაახლებენ. გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან გამართული მოლაპარაკებების შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელიც მძღოლებს დაჰპირდა , რომ მათთან დაკავშირებულ საკითხებს დეტალურად შეისწავლის სახელმწიფო კომისია, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
ჯაჭვლიანმა მძღოლებს სრული თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ყველა კანონიერი მოთხოვნა, პრეტენზია განხილული და გადაწყვეტილი იქნება.
გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მძღოლებმა ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს, რომელსაც სამი სამგზავრო ავტოპარკის მძღოლები ესწრებოდნენ. ასევე შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი.
როგორც შეხვედრის შემდეგ მძღოლები აღნიშნავდნენ, ისინი მოქალაქეების ინტერესებიდან გამოვიდნენ და ამ ეტაპზე მათი საკითხის შესწავლის იმედით მუშაობას განაახლებენ.
ამასთან , ძალაში რჩება მძღოლების მოთხოვნა სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძისა და თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის აკაკი ჯოხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ყვითელი ავტობუსების მძღოლები 5 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული და მათი გაფიცვის მთავარი მიზეზი ანაზღაურებით უკმაყოფილება და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება იყო.