დავით ჩაგანავა "თავისუფლება"
უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო. სწავლის დაწყება უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიულოცა. მათთვისვე შვიდ საათზე სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისში ღია კონცერტიც იგეგმება. თუმცა კონცერტისა და მილოცვების ფონზე დღეს უნივერსიტეტის ეზოში გაჩნდა ბანერი: ”განათლების რეფორმა ჩავარდა”.
”პასიური მოქალაქეების ფაბრიკა” - ასეთი გამოთქმა გამოიყენა ჩემთან საუბარში ერთ-ერთმა სტუდენტმა, გიორგი ჩუბინიძემ, უნივერსიტეტში შეკრების დასრულების შემდეგ:
„პროტესტის მიზეზია განათლების ძალიან დაბალი ხარისხი, რისი შედეგიც არის, რომ უნივერსიტეტის დიპლომს არ აქვს არანაირი ფასი… ეს მეტყველებს მთლიანად სისტემის არასწორ მუშაობაზე… მეორე არის ის, რომ უნივერსიტეტს არ აქვს ავტონომია, უნივერსიტეტი იქცა ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებათ და, ამავდროულად, ფაბრიკად მომავალი პასიური მოქალაქეებისა.“
…მოდით ამბავს თავიდან მივყვეთ. უნივერსიტეტში 11 საათისთვის მივედი, პირველი კორპუსის ეზო სავსეა. სტუდენტები დგანან პირით კიბეებისკენ, რომელზეც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაა გამოსული. ეზოში ისმის საქართველოს ჰიმნი.
სტუდენტების ტალღაში გზას მივიკვლევ შემაღლებული ადგილისკენ, ანუ იქითკენ, საიდანაც ძირითადად ისმის გამომსვლელთა ხმები და ასევე ტაში. ტაში ძირითადად შემაღლებულ ’სცენაზე’ იწყება და მერე ედება მთელ ეზოს… მივაღწიე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეების დასაწყისს, შემაღლებულ ბრტყელ სივრცეს, სადაც დგანან: უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, რექტორი, განათლების მინისტრი, სხვა მოწვეული სტუმრები… ოფიციალური პირები სიტყვით გამოდიან დამონტაჟებული მიკროფონით… ხმა მთელ ეზოს ედება.
განათლების მინისტრი ამბობს:
„მე ვერ ვიქნები ობიექტური, რადგან ეს ჩემი მშობლიური უნივერსიტეტია და ეს არის ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტი და თქვენ ჩააბარეთ ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტში.“
[ისმის ტაშის ხმა]
’სცენაზე’ გამოდის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი დაჩი გუბაძე და სტუდენტებს დაგეგმილ ღონისძიებას შეახსენებს:
„რამდენიმე სიტყვით შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ვარდების მოედანზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თვითმმართველობისგან პირველ საჩუქარს მიიღებენ სტუდენტები - გაიმართება კონცერტი…“
ყველაფერი ასეთ რიტმში გაგრძელდებოდა, რომ არა ტაშსა და ტაშს შორის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ტალღაზე გაჩენილი ბანერი: ”განათლების რეფორმა ჩავარდა”... შემდეგ მეორე: ”ფასი მაღალი, ხარისხი დაბალი”… მესამე: ”ნუ ატყუებთ სტუდენტებს”... მეოთხე: ”არა - ავტორიტარულ განათლებას”… სცენიდან რექტორის ხმა მესმის. ის ამბობს დაახლოებით შემდეგს: არჩევანი დიდია - თუ არ მოგწონთ, თავისუფლები ხართ… - ამ მცირე რეპლიკას თუ არ ჩავთვლით, სცენაზე სიტყვით გამოსვლა გაწერილი განრიგით გრძელდება: ადმინისტრაციის, ოფიციალური პირების, ასევე უცხოეთიდან მოწვეული სტუმრების გარდა, სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დღეს სხვადასხვა კერძო კომპანიების წარმომადგენლები ულოცავენ და თან ზოგი რას სთავაზობს და ზოგი რას.
ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი: ”სპეციალური სადაზღვევო პროდუქტი, რომელსაც ჰქვია სტუდენტური დაზღვევა საქართველოში...“
ისევ ტაში… სცენაზე საუკეთესო ქულების მქონე სტუდენტებს აჯილდოებენ და თან რამდენიმე კომპანია, შეიძლება პირდაპირ ითქვას, სარეკლამო კამპანიას აგრძელებს…
ერთ-ერთი მობილური ოპერატორი კომპანიის წარმომადგენელი:
„თქვენთვის დაიწყო ასევე, რა, ჯეოსტარი… ასე რომ, იაქტიურეთ და მე ვიმედოვნებ, რომ უნივერსიტეტი იქნება ძალიან აქტიური გულშემატკივარი… ახლა კი გადავედით…“
სხვადასხვა პროდუქციის ჩამონათვალის, სტუდენტების ტაშის ფონზე, ქვევით, ეზოში, ხელში ბანერით - ‘განათლების რეფორმა ჩავარდა’, სტუდენტი ჟურნალისტს ესაუბრება.
თინა ყიფშიძე: „ოთხი წელი ვისწავლე უნივერსიტეტში, მაქვს წითელი დიპლომი, ანუ წარჩინებით დავასრულე უნივერსიტეტი, მაგრამ არ ვთვლი, რომ მივიღე ის განათლება რაც უნდა მიმეღო… მივიღე უხარისხო და არაადეკვატური განათლება. მე მინდა უკეთესი განათლება…“
ვიღაც ხელში მწვანე ქაღალდზე დაბეჭდილ ფლაერს მაძლევს. ასე სრულდება: ”შენ სტუდენტი ხარ, შენ ცოცხალი ხარ, გააქტიურდი!”
ტექსტში კი ვკითხულობთ: ”თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს 1500 საუკეთესო სასწავლებელს შორისაც კი არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციის მიერ აგებული ოქროს კოშკები მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა.”
სცენაზე სიტყვით გამოსვლები დასრულდა. სტუდენტები - ძირითადად პირველკურსელები - ეზოში მიმოიფანტნენ.
-უკაცრავად, კონცერტი როდის არის დღეს?
-შვიდზე.
-ბანერები რომ იყო გაშლილი, თუ ნახეთ?
-კი, ვნახეთ… დაიცა, რა ვნახეთ? არ ვიცით, არ ვიცით…
-კონცერტს ვინ ატარებს?
-რა ვი. ნიაზ დიასამიძეო და რა ვიცი…
P.S. ფლაერს, რომელიც მომცეს, აწერია: ”ლაბორატორია 1918”. 1918, როგორც მითხრეს, უნივერსიტეტის დაარსების თარიღია. ლაბორატორი კი, ალბათ, ის ფაბრიკაა, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. ან იქნებ - სხვა?…
869
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85