საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობას გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონის მომზადებას და შემდეგ პარლამენტში წარდგენას კატეგორიულად სთხოვს.
გენმოდიფიცირებული პროდუქციის საკითხებზე დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ ისაუბრა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და მათ უნდა იცოდნენ თუ რა ტიპის პროდუქტს ყიდულობენ - ეკოლოგიურად სუფთას თუ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს.
„ხალხმა უნდა იცოდეს - რას ჭამს და სვამს. არჩევანი კი, თავად უნდა გააკეთონ. რომელი სურთ - ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი თუ მომწამვლელი საკვები, ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. მიუღებელი ის პოზიციაა, რომ თითქოს გენმოდიფიცირებული პროდუქტის აკრძალვა ფასებს გააძვირებს. გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით საკითხები, ბიუჯეტის თანმდევ კანონებში უნდა იყოს ასახული, რადგან არ შეიძლება ზოგადად რაღაცას ვიძახდეთ და ეს ასახული არ იყოს“, - დასძინა ტყემალაძემ.
ამ დრომდე, უცნობია გენმოდიფიცირებული პროდუქტის სრულად აკრძალვა მოხდება თუ ამ ტიპის პროდუქტზე შესაბამისი ეტიკეტი იქნება. ძველი ხელისუფლება გენმოდიფიცირებული პროდუქციის აკრძალვის წინააღმდეგი იყო, რის გამოც, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ამ საკითხზე, ხშირად მწვავე კამათი იმართებოდა.