აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ფერიის მთაზე, წმინდა იოანე ნათლისმცემელის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა და წირვას დაესწრო.
"ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ამ ტაძრის მშენებლობის ბედით. ამოვედი ფერიის მთაზე, რომ მენახა თუ რა ეტაპზეა ტაძრის მშენებლობა. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ეპარქიასა და ინვესტორს შორის, შეთანხმება მიღწეულია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ გამოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება თავდაპირველად დაგეგმილი საკათედრო ტაძრის მშენებლობა", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
„როგორც ბატონი არჩილი დავპირდა, ახალი მთავრობის ხელშეწყობით, ქალაქის ტერიტორიაზე გამოიყოფა ადგილი, სადაც დიდ ტაძარი აშენდება. ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი ძეგლი ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, “ - აღნიშნა მამა სერგიმ.
ფერიის მთაზე ეკლესიის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და მალევე შეჩერდა, რადგან აჭარის მთავრობამ ეკლესიის ადგილზე გასართობი ცენტრის "არგოს" მოწყობა გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, გრანდიოზული საკათედრო კომპლექსის ნაცვლად, მცირე ზომის ტაძარი მრევლის შემოწირულობებით და სხვა დახმარებებით შენდება.