საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS საქართველოში დაგეგმილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნოემბერში დაგეგმილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი წარმოადგენდა მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
"ნატო-ში ინტეგრაცია არის ქართული საზოგადოების მტკიცე ნება და ნებისმიერი მთავრობა ვალდებულია აწარმოოს თანმიმდევრული პოლიტიკა ამ მიზნის მისაღწევად. ოქტომბერში დემოკრატიულად ჩატარებულმა არჩევნებმა შექმნა განსაკუთრებული შესაძლებლობები, რათა დეკემბერში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე გადაიდგას კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში იტეგრაციის თვალსაზრისით. ამის მისაღწევად აუცილებელია აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა ნოემბერში დაგეგმილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. სამხედრო კომიტეტი არის ნატო-ს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათი პირველი ვიზიტი საქართველოში იძლევა შესაძლებლობას გავამყაროთ ჩვენი პოზიციები და შევქმნათ საფუძველი დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოსათვის სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად.
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ასეთი დონის და მნიშვნელობის ვიზიტის გადადების პრეცედენტი არ ყოფილა და ეს ქმნის ნეგატიურ დინამიკას. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგად შექმნილია პოზიტიური ატმოსფერო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით", -ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
GRASS -ის წევრები მიიჩნევენ , რომ სამხედრო კომიტეტის გადადება უკიდურესად ამცირებს დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რაც გამოიწვევს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შენელებას და 2014 წლის სამიტისთვის შანსების შემცირებას.
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი სამხედრო კომიტეტის უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტის უზრუნველსაყოფად და დეკემბრის მინისტერიალზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, მზად ვართ ვითანამშრომლოთ მთავრობასთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS -ის თანადამფუძნებლები არიან სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია და ნოდარ ხარშილაძე.