შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და სხვა პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეში, მთავრმა პროკურატურამ ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურომა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწმეთა ჩვენებები საჯაროა. From.ge კიდევ ერთი მოწმის ჩვენებას უცვლელად გთავაზობთ.
„ვცხოვრობ ქ. თბილისში, ჩემს მეუღლესთან, ზ. ა.-სთან და ორ შვილთან ერთად… 2011 წლის სექტემრის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, იქნებოდა დაახლეობით დილის 4 საათი, გამაღვიძა ჩემი მეუღლის ხმამაღალმა სატელეფონო საუბარმა, ზ. ვიღაცას ესაუბრებოდა მობილურით და თან იგინებოდა, საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი. როდესაც საუბარს მორჩა შევეკითხე, თუ ვისთან ჰქონდა საუბარი, მან მითხრა ვიღაცამ დამირეკა და ცოცხალი და მკვდარი მაგინაო. საუბრის დამთავრებიდან დაახლოებით ნახევარ საათში ბინის კარზე ატყდა ბრახუნი, მე და ზ. ავდექით, ჩამოვედით პირველ სართულზე, მეუღლემ გააღო კარი და დავინახე კართან იდგა გ. ბ., მან უთხრა ზ.-ს სასწრაფოდ ჩაიცვი და წამომყევი რესტორანში ვქეიფობთო. მეუღლემ ჩაიცვა და გაჰყვა. ზ.-ს ვუკავშირდებოდი მობილურ ტელეფონზე, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ დამირეკა ზ.-მ და მითხრა, ახლობელი მოვა და ჩვენი მანქანის გასაღები მიეცი და მანქანას წამოიყვანსო. ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, იდგა ეზოში, მართლაც მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი პირი, მითხრა ზ.-მ გამომაგზავანაო, მივაწოდე გასაღები და მანქანა წაიყვანა. მეუღლე მთელი დღის განმავლობაში რომ არ გამოჩნდა და ვერც მობილურ ტელეფონზე დავუკავშირდი, ვინაიდან გათიშული იყო, იძულებული გავხდი გ. ბ.-სთვის დამერეკა და გამერკვია ზ.-ს შესახებ. ჩემი მობილური ტელეფონით- 5******** დავურეკე გ-ს ტელეფონზე 5******** და ვკითხე სად იყო ჩემი მეუღლე, მან მითხრა რომ არაფერი საშიში არ არის, არ ინერვიულო მალე მოვაო. საღამოთი ზ. მოვიდა სახლში ჩვენივე მანქანით, იგი იყო მძიმე მდგომარეობაში, კერძოდ სახე ჰქონდა გასიებული, თვალებიდან ძვლივს იყურებოდა, თავზე ჰქონდა სისხლის ლაქები, შევეკითხე რა მოხდა, რაზედაც მიპასუხა, რომ ავტოავარიაში მოყვა და ეს დაზიანებები იქ მიიღო. მან რამდენიმე დღე იმკურნალა სახლში. დაახლოებით ათი დღის შემდეგ ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ის ავტოავარიაში არ მოყოლილა და, რომ მას სცემა ბაჩო ახალაიამ თავის თანამშრომლებთან ერთად, მიზეზი არ დაუსახელებია. ზ-მ ასევე მითხრა- ბაჩომ გამაფრთხილა არსად თქვა ამის შესახებ, თორემ რაც მოგივა შენს თავს დააბრალეო და ზ.-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით არსად განუცხადებია“ - ნათქვამია ჩვენებაში.