ჩვენება N1: ბაჩო ახალაიამ და ჭაკუამ მითხრეს, არც შენ იქნები პირველი და უკანასკნელი, ცოტა მოგვიკლავს თუ რაო

ჩვენება N1: ბაჩო ახალაიამ და ჭაკუამ მითხრეს, არც შენ იქნები პირველი და უკანასკნელი, ცოტა მოგვიკლავს თუ რაო

სისხლის სამართლის საქმეში, რომლის გამოძიებაც ბაჩანა ახალაიას და სხვა პირთა მიმართ მიმდინარეობს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გამოვლენილ იქნა ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურომა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

კბილაშვილმა დანაშაულებრივი ეპიზოდის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვნებები საჯარო გახდებოდა.

From.ge აღნიშნულ დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით პირველი მოწმის ჩვენებას უცვლელად გთავაზობთ.

„2011 წლის 13 სექტემბერს, დილის 4 საათზე, ჩემს მობილურზე, რომლის ნომერია 5** ** ** **,  უცხო ტელეფონის ნომრიდან შემოვიდა ზარი. როდესაც ვკითხე თუ რომელი იყო, ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც არ დამისახელა თავისი ვინაობა ტელეფონში მითხრა, რომ მამაშენი ვარო და დედაჩემის მისამართით შეიგინა. მე, მას გინებითვე ვუპასუხე. ისიც მაგინებდა და მეც ვაგინებდი. როცა ვთიშავდი ტელეფონს, იგი კვლავ მირეკავდა და ჩვენ ერთმანეთს ვაგინებდით. გინება გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთს. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და  ჩემი ნომრიდან გავაგზავნე მის ნომერზე, რომელსაც ამ დროისთვის ვერ ვიხსენებ, როგორც მახსოვს, მესიჯი მის მიმართ გინების ტექსტით და მობილური მაშინვე გამოვრთე. 30 წუთის გასვლის შემდეგ, იქნებოდა დაახლოებით დილის 5 საათი, ჩემთან, ბინის კარებზე გავიგონე ბრახუნი. კარები გავაღე და ჩემს წინ იდგა გ. ბ., რომელმაც მითხრა, რომ უნდა წავყოლოდი რესტორანში, სადაც მელოდებოდა ბაჩო ახალაია, რომელსაც უნდოდა ჩემი ნახვა. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მე, ჩავიცვი და გავყევი გ-ს. მე გამიკვირდა, რომ დილის 5 საათზე რა უნდოდოდა ბაჩოს ჩემთან.  იგი მე, 4 წელი აღარ მყავდა ნანახი. გზაში გ-ს  შევეკითხე რა უნდა ხომ არიცითქო, რაზედაც მან მიპასუხა, რომ მისთვისაც უცნობი იყო მიზეზი თუ რისი გულისთვის სურდა ჩემი ნახვა ბაჩოს. ჩვენ მივედით  რესტორანში რომელიც მდებარეობს თბილისში. რესტორნის ეზო სავსე იყო ბაჩოს დაცვის წევრების მანქანებით. დაცვის ერთი წევრი ჩვენ შეგვიძღვა კუპეში. კუპე მდებარეობდა რესტორნის ეზოში შესასვლელიდან ხელმარცხნივ. კუპეს მიმტანი არ ემსახურებოდა. საჭმელი იყო და თუ რაიმე იყო დასამატებელი მოქონდა დაცვას. ბიჭი, რომელიც შეგვიძღვა ჩვენ, არ ვიცნობდი. კუპეში დამხვდნენ  ბაჩო ახალაია გ. მ.; გ. ა. და ჩემთვის უცნობი ორი კალათბურთელი, ასევე დაცვის ორი ბიჭი, რომლებიც იყვნენ შეიარაღებულები. ისინი სახეზე ვერ ვიცანი. იქ კიდევ იყო ერთი ადამიანი, რომლის გვერდზეც მე დამსვეს.  ჩემს უკან და მარცხნივ მედგნენ ბაჩოს დაცვის თანამშრომლები. მაგიდასთან მსხდომნი ქეიფობდნენ და ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამები. ჩემგან მარჯვნივ იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, იგი იყო დაახლოებით 30 წლამდე და იმ ბიჭზე ბაჩომ მკითხა ვიცნობდი თუ არა მას, მე ვუთხარი, რომ არ ვიცნობდი. ამ ბიჭმა მითხრა, რომ ის იყო გიგი  კალანდაძე. ბაჩომ მითხრა, რომ გიგი არის ომის ვეტერანი და შენ მას უნდა იცნობდეო, თან თქვა რომ ეს ის ბიჭია, რომელსაც  ტელეფონზე აგინეო. ამ დროს გიგი კალანდაძემ  სუფრიდან აიღო რკინის კოვზი შემაგინა დედის მისამართით და თავში ჩამარტყა, რა დროსაც მე იმ ბიჭს დავარტყი ხელი სახეში. ამის შემდეგ დაცვამ გადამიგრიხა ხელები, მე ვცდილობდი გამენთავისუფლებინა თავი მაგრამ ვერ შევძელი. ისინი მცემდნენ რითაც შეეძლოთ. ამ დროს გ. ბ. შეეცადა დავეცავი და ბაჩოს უთხრა, რომ კარგი გეყოფათ ჩვენიანიაო, რაზეც ბაჩომ მას პანჩური ამოარტყა, შეაგინა და გარეთ გააგდო, ხოლო დაცვას უბრძანა, რომ შიგნით აღარ შემოეშვათ. ამის შემდეგ ბაჩო მომიბრუნდა მე და დამიწყო გინება დედის მისამართით, რამოდენიმეჯერ სახეში ჩამარტყა ხელი. დაცვას ამ დროს მე ვყავდი გაკავებული. მირტყამდა ძირითადად კალანდაძე. როდესაც იგი დაიღალა ჩემი ცემით  ბაჩომ ჩამისხა დიდ ჭიქაში არაყი და მითხრა დალიეო. ამ საუბრის დროს შემოვიდა კუპეში დ. ჭ., რა დროსაც მე მოვკიდე ჭიქას ხელი ავიღე და ვთქვი ბაჩოს მისამართით რაზე მცემთ, ის მაინც მითხარით, თუ ამის გულისთვის მცემთ რომ იმ კაცს ვაგინეო ისიც ხომ მაგინებდაო. ამ დროს დ. ჭ. წამოხტა ფეხზე. შენი ბაჩო ვინ არისო. შემაგინა დედა, ხელში აიღო სკამი და დამარტყა ბეჭებში. დაცვის ერთმა თანამშრომელმა ჭ-ს ხელიდან გამოართვა სკამი, რის შემდეგ  ჭ-მ  განაგრძო ჩემი ცემა  ხელებით და ფეხებით, მირტყამდა  სახის არეში. მე, როგორც კი მომეცა საშუალება კვლავ შევეკითხე ბაჩოს თუ რისი გულისთვის მცემდნენ. ამ დროს ბაჩო შემომიბრუნდა და მითხრა ხომ არ მქონდა სურვილი ჭ.-ს სასჯელაღსრულებისათვის ჩემი მანქანა მეჩუქებინა.

 მე იმ დროს დავდიოდი ჩემი კუთვნილი ბეემვეს მარკის ავტომანქანით. ბაჩომ დააყოლა მე, რომ სამსახურიდან მომიწიოს წასვლა სახლ-კარიც კი არ მაქვსო. მე იქვე ბაჩოს განვუცხადე რომ დაუყოვნებლივ გადავცემდი საჩუქრად ჭ-ს ჩემს მანქანას ოღონდ მათ ჩემთვის დაენებებინათ თავი. ბაჩომ დაცვის ბიჭებს დააბრუნებინა ჩემთვის წართმეული ტელეფონი და მითხრა, რომ დამერეკა სახლში ჩემთან და მეუღლისთვის მეთქვა, რომ მივიდოდა ჩემი მეგობარი გ. მ. და წამოიყვანდა მანქანას. მე მართლაც დავრეკე და გ-მ ჩამოიყვანა მანქანა. როდესაც მანქანა მოიყვანეს, მე, ბაჩოს ვუთხარი რომ პირობა ხომ შევასრულე და ეხლა სახლში გამიშვითქო. ამ დროს გიგი კალანდაძე წამოხტა ფეხზე და კვლავ დამიწყო ცემა და მთხოვდა დავჩოქილიყავი და ბოდიში მომეხადა. მე, ეს არ გავაკეთე. ამ დროს ყველამ ჭ-მ, ბაჩომ, კალანდაძემ დამიწყო ცემა, თან მაგინებდნენ დედის მისამართით. ასევე მემუქრებოდნენ მოკვლით. ამ დროს დაცვა მეხვეწებოდა იქნებ დაიჩოქო მართლა არ მოგკლანო, ამ სიტყვებზე მე ვუთხარი, რომ მირჩევნია მესროლონ და მომკლან ვიდრე დავიჩოქო. ბაჩომ და ჭ-მ თქვეს არც შენ იქნები პირველი და არც უკანასკნელი ცოტა მოგვიკლიაო თუ რაო. ბაჩო მიუბრუნდა ჭ-ს და გ. მ. და უბრძანა სპეცნაზის ბიჭებთან ერთად სადმე წაიყვანეთ დააბით და დაამწყვდიეთო. გიგი კალანდაძე მცემდა იარაღის ტარით, რომელიც შემდეგ წაართვა დაცვამ. როცა ჩემს ცემას მორჩნენ ყველანი წავიდნენ ბაჩოსთან ერთად გ. მ.-ის და ბაჩოს დაცვის ერთი წევრის გარდა. სუფრასთან მყოფი პირების მობილური ტელეფონების ნომრები ჩემთვის უცნობი იყო და მათათან მე ტელეფონით არ მისაუბრია. აქვე უნდა ავღნიშნო რომ იმ სუფრასთან მყოფ კალათბურთელებს ჩემთვის ხელი არ დაურტყამთ და არც ვიცნობდი მათ. შემდეგ ჩამსვეს  მიკროავტობუსში. ოთხმა სპეცნაზელმა დამადო ხელბორკილი და წამიყვანეს ორთაჭალაში დანგრეული ციხის გვერდით შენობასთნ, იქ გავჩერდით და ველოდებოდით ვიღაცას. ამ დროს უკვე გათენდა. რამოდენიმე ხანში მანქანასთან მოვიდა გ. მ. გადამსვეს მის  მერსედესში და წამიყვანეს გლდანის მიმართულებით. გვერდით მეჯდნენ სპეცნაზის ბიჭები, რომლებსაც მე არ ვიცნობდი. ყველანი იყვნენ სამოქალაქო ფორმებში. მათ მიმიყვანეს გლდანში  მრავასართულიანი ბინის პირველ სართულზე ერთ ერთ ბინაში რომლის ჩვენებასაც შევძლებ. სადარბაზოს შესასვლელიდან ბინა მდებარეობდა ხელმარჯვნივ, მას ქონდა რკინის კარი. ბინა იყო სამოთახიანი. დამაჯინეს მისაღებ ოთაში ტახტზე, რომლის წინ იდგა შუშის სასადილო მაგიდა, რომელსაც ქონდა ორი თარო, დაბლა თაროზე დაცვის ბიჭებმა დააწყვეს იარაღები და დაიწყეს ჯოკრის თამაში. ტელეფონი წართმეული მქონდა. დაცვის ბიჭებმა მითხრეს, რომ თუ გაქცევას არ შევეცდებოდი ხელბორკილებს  მომხსნიდნენ, რაც გააკეთეს. იქნებოდა შუადღე, რომ მოვიდა ბინაში გ.მ. და მოიტანა სამკურნალო კრემი. მან სპეცნაზის ბიჭებს უთხრა  სახეზე წაუსვითო და მიხედეთო. მე მომეცა ცოტა იმედი რომ აღარ მომკლავდნენ. საღამოს ბიჭებს ვთხოვე დამარეკინეთ მ-სთან, მათ დამარეკინეს მართლაც, მე გ. მ-ს ვუთხარი გამიშვით სახლში და ვიტყვი რომ ავარიაში მოვყევი და არანაირი პრობლემა არ გექნებათო, მან მიპასუხა ბაჩოს შევუთანხმებ და პასუხს გაგაგებინებო. იმ ღამით მე აღარავინ დამკავშირებია.  საღამოთი დაცვის ბიჭებმა წამიყვანეს ისევ ორთაჭალაში დანგრეული ციხის წინ და გავჩერდით. ცოტა ხანში მოვიდა გ. მ.გადმომიყვანა მანქანიდან  და მითხრა რომ გამიშვებდნენ იმ შემთხვევაში თუ არსად არაფერს განვაცხადებდი და ვიტყოდი რომ მოვყევი უბრალოდ ავარიაში,მე დავეთანხმე მას. მ. კვლავ დამემუქრა თუ კი სადმე რამეს ვიტყოდი დამალპობდნენ ციხეში. თუ არადა ჩამცხრილავდნენ მანქანაში, მე ვთქვი მანქანა აღარ მყავსმეთქი და როგორ ჩამცხრილავთო. მან მითხრა, რომ დაგიბრუნებთო და მართლაც 10 წუთში ჩემი მანქანა მომიყვანეს და დამიბრუნეს. მე გამიშვეს სახლში. სახლში რომ დავბრუნდი მეუღლეს ც. დ-ს ვუთხარი რომ მოვყევი ავარიაშიო. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემს მეუღლეს მოვუყევი რაც მოხდა სინამდვილეში. ჩემი მოტაცებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ ჩემს მობილურ ტელეფონზე დაფარული ნომრით დამიკავშირდა უცნობი პიროვნება, რომელმაც მითხრა რომ გაილახე ვალს მაინც რატომ არ აბრუნებო. მე ვკითხე ვისი ვალი მაქვსო? კარგად იციო მიპასუხა და გამითიშა ტელეფონი. მე აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არავისი ვალი არ მქონია. ჩემთვის უცნობია ბაჩოსგან და მისი მეგობრებისგან ჩემი ცემის ნამდვილი მიზეზი, ვინაიდან მათთან მე არასოდეს არ მქონია რაიმე ქონებრივი ან კიდევ ფინანსური ურთიერთობა და შესაბამისად მათი ვალი ვერ მექნებოდა. მათ ჩემთან რაიმე სახის მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. მე ამ ამბის შესახებ არსად არ განმიცხადებია ვინაიდან მეშინოდა მათი“ - ნათქვამია ჩვენებაში.