არჩილ კბილაშვილი: ბაჩანა ახალაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმეში, ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოვლინდა

არჩილ კბილაშვილი: ბაჩანა ახალაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმეში, ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოვლინდა

სისხლის სამართლის საქმეში, რომლის გამოძიებაც ბაჩანა ახალაიას და სხვა პირთა მიმართ მიმდინარეობს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გამოვლენილ იქნა ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, 2011 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით დილის 05.00 საათზე, დაზარალებულს, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე საჯაროდ არ სახელდება, ბაჩანა ახალიას დავალებით საცხოვრებელ ბინაში მიაკითხა ახალიასთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც დაზარალებულს მოსთხოვა გაყოლოდა ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მას ბაჩანა ახალაია ელოდებოდა.

კბილაშვილის განცხადებით, დაზარალებული მიიყვანეს რესტორანში, სადაც რესტორნის კუპეში მას ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე და სხვა პირები დახვდნენ. იქვე იყვნენ ახალაიას დაცვის შეიარაღებული თანამშრომლები. ადგილზე მისული დაზარალებული ბაჩანა ახალაიას დავალებით მისი დაცვის წევრებმა გააკავეს. ამ დროს მათთან შევიდა დავით ჭაკუა, რომელმაც დაზარალებულს სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში და მას ხელ-ფეხით დაუწყო ცემა.

„დაზარალებულის ცემაში ჩაებნენ გიგი კალანდაძე და ბაჩანა ახალაია, რომლებიც მას იმავდროულად მოკვლით ემუქრებოდნენ. ცემა, მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა პერმანენტულად და დროგამოშვებით. ბაჩანა ახალაიამ ირონიულად შესთავაზა დაზარალებულს, ხომ არ ჰქონდა მას სურვილი, მის საკუთრებაში მყოფი ძვირადღირებული ავტომანქანა ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის. დაზარალებულმა ახალაიას თანხმობა განუცხადა იმ პირობით, რომ არ მოეკლათ და თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ დაზარალებულს დაარეკვინეს მეუღლესთან, რომელსაც დაზარალებულმა სთხოვა, რომ მიეცა მანქანის გასაღები და გამოეტანებინა მანქანა მისი მეგობრისათვის, რომელიც სახლში მიაკითხავდა. ავტომანქანის მოყვანის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დავალება მისცა დავით ჭაკუას და გამოძიებით დადგენილ კიდევ ერთ პირს, რომ ე.წ. „სპეცნაზის" შეიარაღებულ პირებთან ერთად წაეყვანათ დაზარალებული სადმე, სადაც დააბამდნენ და დაამწყვდევდნენ, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. დაზარალებული გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში მდებარე გამოძიების მიერ დადგენილ ბინაში, სადაც იგი იმყოფებოდა 2011 წლის 13 სექტემბრის 21.00 საათამდე. ამის შემდეგ დაზარალებული მიიყვანეს ქ.თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობასთან, სადაც მას დაუბრუნეს კუთვნილი ავტომანქანა და გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეამბნა“ - განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულით, ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის  143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ასევე, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ ა" და „ ე"  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

მთავარი პროკურორის განცხადებით, ბაჩანა ახალაიას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა: დაზარალებულის და სხვა 10-ზე მეტი პირის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები.

მისი თქმით, ამ დანაშაულებრივი ეპიზოდის გათვალისწინებით, გუშინ ბაჩანა ახალაიას წარედგინა ბრალი და სასამართლოში შეტანილ იქნა შუამდგoმლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. გუშინვე, ბრალი წარედგინათ ასევე გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას და აღმკვეთ ღონისძიებად ასევე მოთხოვნილ იქნა პატიმრობა.

კბილაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწმეთა ჩვენებები მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამასთან, მისივე თქმით, დაზარალებული პირი სამხედრო მოსამსახურე არ იყო და არც რაიმე თანამდებობა ეკავა თავდაცვის სამინისტროში.

მთავარი პროკურორის განცხადებით, 143-ე მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შემოსული ბაჩანა ახალაის შესაძლო დანაშაულებათა შესახებ, პროკურატურაში ათეულობით განცხადებაა შესული და შესაძლოა მას ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს.