23-ე ბატალიონის ბოლო ნაკადი  სამშობლოში დაბრუნდა

23-ე ბატალიონის ბოლო ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა

ISAF-ის მისია დაასრულა. 23-ე ბატალიონის ბოლო ნაკადი 246 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით სამშობლოში დაბრუნდა. მათ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დახვდნენ და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

„ეს არის ბედნიერი დღე საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდნენ ის ვაჟკაცები, ვინც გმირულად იცავენ საქართველოს და საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს.

ჩვენ ბედნიერნი ვართ იმიტომ, რომ ეს ბატალიონი დანაკლისის გარეშე დაბრუნდა. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელი საქართველოს სახელით ამ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც მთელს მსოფლიოში გაუთქვეს სახელი ქართველ მეომრებს. ისინი განსაკუთრებული ვაჟკაცობით და განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებებით არიან გამორჩეულნი. დღეს მე მინდა მთელ საქართველოს მივულოცო, რომ ჩვენი ბიჭები დაბრუნდნენ სახლში ჯანმრთელები და დანაკლისის გარეშე“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. 

ვიცე-პოლკოვნიკ რომან ჯანჯულიას მეთაურობით, 23-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაცია დანაკარგის გარეშე დაასრულა. ქართველი სამხედროები შვიდი თვის განმავლობაში მისიას ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდნენ. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იყო.

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა  ჩაანაცვლა. ამჟამად ავღანეთში მისიას მე-12 ბატალიონთან ერთად, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი შეასრულებს, რომელიც საერთაშორისო ოპერაციაში მეორედ იღებს მონაწილეობას.