საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ზილფიმიანს „პირველი სტერეოს“ დირექტორობა დაუბრუნეს

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ზილფიმიანს „პირველი სტერეოს“ დირექტორობა დაუბრუნეს

დავით ზილფიმიანის სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

მოსარჩელე ზილფიმიანი ტელეკომპანია „I სტერეოს“ 18 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვდა, რომლის თანახმადაც იგი დირექტორობიდან გადააყენეს.

„მოსარჩელის განმარტებით, პარტნიორთა კრება 18 მაისს ვ.კობაიძემ ერთპიროვნულად ჩაატარა, მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ამავე პოზიციაზე საკუთარი თავის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული ასახულ იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 18 მაისით დათარიღებულ ამონაწერში. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, პარტნიორთა კრებაზე დავით ზილფიმიანის, როგორც მცირე წილის მქონე პარტნიორის მოწვევა, ვერ იმოქმედებდა საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ამდენად მათი მხრიდან პარტნიორის უფლების შელახვას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის მასალებზე დაყრდნობითა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ დავით ზილფიმიანი, როგორც 22%-იანი წილის მფლობელი,  ვერ განიხილა ისეთ სუბიექტად, რომელსაც შეზღუდული აქვს უფლებები სამეწარმეო ურთიერთობებში და მიიჩნია რომ იგი, როგორც მცირე წილის მქონე პარტნიორი უფლებამოსილი იყო მიეღო კანონით დადგენილი მოწვევა პარტნიორთა საერთო კრების ჩატარების შესახებ და მასვე, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს მიეღო მასში მონაწილეობა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს „ტელეკომპანია პირველი სტერეო“-ში და შპს „სტერეო+“-ში ყადაღა სასამართლოს 12 მაისის განჩინებით დაედო.

ზილფიმიანი თანამდებობიდანაც გადააყენეს.