„სიდას“ განცხადება დევნილების უკანონო შეჭრებთან დაკავშირებით

„სიდას“ განცხადება დევნილების უკანონო შეჭრებთან დაკავშირებით

სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“ სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩართული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებულ მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში, რომლის მიზანი გახლდათ  ბოლო პერიოდში თბილსსა და მის შემოგარენში კერძო თუ სახელმწიფო ობიექტებზე თვითნებურად შეჭრილი დევნილი ოჯახების იდენიტფიცირება.

მიმდინარე პროცესის შედეგად აღწერილ იქნა 51 ობიექტი (1981 ოჯახი),  სადაც შეჭრილნი იყვნენ ძირითადად თბილისსა და მის შემოგარენში რეგისტრირებული დევნილები, ასევე დევნილთა ის კატეგორია, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნენ  ფართებით, თუმცა ამ შემთხვევაში ითხოვდნენ დამატებითი ფართის გამოყოფას.

განხორციელებული საქმიანობისა და უშუალო დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია აღინიშნოს:

დევნილთა მიერ სხვადასხვა ობიექტების დაკავებას, ცალკეულ შემთხვევაში, აქვს საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული სახე. მათ შორის, ადგილი აქვს მოწოდებასა და წახალისებას შეჭრის მიზნით.

დევნილთა უმრავლესობა წარმოადგენს ე.წ. „კერძო სექტორის“ კატეგორიას, რომლებიც ცხოვრობენ ქირით და რეგისტრირებულნი არიან თბილისში.

დევნილთა გარკვეულ ნაწილს უკვე შეთავაზებული აქვს განსახლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში, თუმცა მათ საკუთარი ნების საფუძველზე განაცხადეს უარი, რადგან არჩევენ თბილისში განსახლებას.

სახელმწიფოს პოზიცია არ არის მკაფიო მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში.

დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, რომლის მიხედვითაც დევნილთა გარკვეული კატეგორია ცხოვრობს დედაქალაქში სხვა დევნილის მიერ იჯარით გაცემულ საცხოვრებელ ფართში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღწერის შედეგად მიღებული სურათის შესაბამისად დევნილთა განსახლების სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომლის შედეგადაც ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება დევნილთა  უფლებების დაცვა, მეორეს მხრივ კი - კანონის დაცვის ყველა მექანიზმებით მოხდება იმ მესაკუთრეთა, მათ შორის სახელმწიფოს უფლებების აღდგენა, რომელთა მფლობელობაშიც არსებულ ობიექტებზე დევნილებმა განახორციელეს თვითნებური შეჭრა. ჩვენ გვესმის, რომ იძულებით გადაადგილებული პირები რთულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, თუმცა მიგვაჩნია, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედებები სცილდება კანონის ჩარჩოებს.

„სიდას“ რეკომენდაციით, მონიტორინგის შემდგომ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს აღრიცხვის შედეგების შედარება მის ხელთ არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზასთან, რომლის შედეგადაც ადვილად შესაძლებელია დევნილთა იმ კატეგორიის გამოვლენა, რომლებიც დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებლით, თუმცა შეჭრილნი არიან ობიექტზე მისი შემდგომი დაკანონების მოთხოვნით;

საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტებზე უნდა მოხდეს სამართალდამცავი სტრუქტურების დაინტერესება, განსაკუთრებით საკუთრების დაკავების ორგანიზებისა და საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე;

ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების მიერ გავრცელებული განცხადებები სასურველია ატარებდეს მსგავს შეტყობინებას და არ იძლეოდეს ინტერპრეტირების შესაძლებლობას, რაც კვლავაც წაახალისებს საკუთრების ხელყოფის ახალ ფაქტებს;

ჩამოყალიბდეს სიტუაციის გადაწყვეტის ნათელი სამოქმედო გეგმა, რომლის შესახებაც დევნილები იქნებიან ინფორმირებულნი, როგორც მასობრივი ინფორმირების საშუალებების, ასევე პირისპირ გასაუბრებებით;

საკუთრებაში შეჭრილ დევნილებს ნათლად განემარტოთ ის პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება დადგეს მათი მხრიდან დაკავებული ფართებიდან გამოუსვლელობას, ასევე მოხდეს მათი ინფორმირება იმ კონკრეტული ვადების შესახებ, რომელთა შემდგომ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ზომების გამოყენება;

მოხდეს უფლებების დაცვას საკითხებსა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა სამოქმედო გეგმის განხილვისა და დევნილებთან კომუნიკაციის პროცესში.