საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია for.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია for.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება

კომისია განმარტავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საინფორმაციო სააგენტო www.for.ge-ზე 2012 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით: „სანქციები მაუწყებლების მიმართ - განხეთქილების ვაშლი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში“ ეხმიანება.

საინფორმაციო სააგენტოს ჩაწერილი აქვს ინტერვიუ კომისიის წევრ, აკაკი სიხარულიძესთან. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან: აკაკი სიხარულიძე: „საქმე მხოლოდ დღევანდელ სხდომაში არ არის. თუმცა რაც შეეხება ამ სხდომას, იგი იმართებოდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი მარეგულირებელ კომისიაში ჯერ კიდევ 2009 წელს შევიტანე და გადაწყვეტილია, რომ საბოლოოდ ეს პროექტი 2015 წლისთვის უნდა განხორციელდეს. ჩემივე შეტანილ პროექტთან დაკავშირებით უკვე მეშვიდე თუ მერვე სხდომა იმართება და არ მეძახიან ამ სხდომებზე. საერთოდ, ცოტა სხვა მიმართულებები იკვეთება ამ მხრივ, გარკვეული დისტანცირება ხდება ჩემს მიმართ. ამასთანავე, ეს პირველი შემთხვევა კი არ არის, უკვე ორი წელია ასე გრძელდება, ერთხელ, ორჯერ, ათჯერ და მოკლედ გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე“.

გვინდა განვმარტოთ, რომ ბატონ აკაკი სიხარულიძეს არასდროს არანაირი დოკუმენტი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კომისიაში არ წარმოუდგენია.

რაც შეეხება ბატონი აკაკი სიხარულიძის განცხადებაში აღნიშნულ ფრაზას: მოგახსენებთ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი მარეგულირებელ კომისიაში ჯერ კიდევ 2009 წელს შევიტანე და გადაწყვეტილია, რომ საბოლოოდ ეს პროექტი 2015 წლისთვის უნდა განხორციელდეს.“ - განვმარტავთ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის განსაზღვრულია ITU (International Telecommunication Union)–ს მიერ  2006 წელს მიღებული  „ჟენევა–06“ გეგმის შესაბამისად.

გარდა ამისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიული გეგმა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს. შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი მთავრობის სხდომაზე უნდა დამტკიცდეს. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ყველა დაინტერესებული პირისთვის უკვე ცნობილია.