თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს

თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს.

„ჩვენ კარგა ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლო სხდომებზე უნდა იყოს დაშვებული ფოტო-ვიდეო და აუდიო გადაღება, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ იყოს არეულობა სასამართლო სხდომაზე. თავის დროზე,, როდესაც კამერები იყო დაშვებული, პრობლემა იყო ის,  რომ ძალიან დიდ ქაოსს იწვევდა ჟურნალისტების შეუზღუდავი რაოდენობით იქ ყოფნა და ზოგჯერ მოსამართლისთვის შეუძლებელი ხდებოდა მუშაობა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი საუბრობს, რომ სასამართლო სხდომებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაშვების მიზანი არის ის, რომ ერთის მხრივ, იყოს გამჭვირვალობა და მეორეს მხრივ, არ იყოს არეულობები სასამართლო პროცესზე.

რაც შეეხება ცვლილებებს სასჯელის შეკრებასთან დაკავშირებით,  ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეს არის სისხლის სამართლის ლიბერალიზაციისკენ აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი.

ჩუგოშვილი საუბრობს ასევე „უკუძალაზე“, რაც ნიშნავს რომ ეს შეამსუბუქებს და უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებს მსჯავრდებულებს მომავალში.

„იმ პირებს ვისაც ეხლა აქვთ შეფარდებული, მათ ექნებათ საშუალება 1 აპრილამდე მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ მათი პასუხისმგებლობის გადახედვა. ეს ნიშნავს, რომ განიტვირთება საპატიმრო დაწესებულებები, ნაწილი მსჯავრდებულებისა შეიძლება მაშინვე გათავისუფლდნენ, ნაწილს კი, შეიძლება შეუმცირდეს სასჯელის ვადა“, - განაცხადა  ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმრო „რედისონში“ საკანონმდებლო ცვლილებათა ორი პაკეტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პირველი პაკეტი შეეხება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალური რეფორმის პირველ ეტაპს. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამ კანონში იგეგმება: ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ და კანონი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“.

საკანონმდებლო ცვლილებების მეორე პაკეტი მოიცავს ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

ცვლილებების მეორე პაკეტი შეეხება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა უპირობო შეკრების წესის ცვლილებას.

აღდგება უფრო მკაცრი სასჯელის მიერ, ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმის პრინციპი.