არასამთავრობო სექტორი პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილია

არასამთავრობო სექტორი პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილია

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავარი თემა არასამთავრობო სექტორის მთავრობასთან ურთიერთობა გახლდათ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)  თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი სახალხო დამცველის არჩევა და საკომიტეტო სხდომის გამართვა იყო.

„მივიღეთ დაპირება და სრული მზაობა მთავრობის მხრიდან, რომ მათი პოლიტიკა აბსოლუტურად გახსნილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ფორმატებში, ეს იქნება დარგობრივი კომისიები  სამინისტროებთან,  თუ უწყებათაშორისი საბჭოები, ასეთი ფორმატების მეშვეობით,  გვექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად სრულყოფილად წარვადგინოთ ჩვენი აზრი და მთავრობა იქნება გახსნილი იმისთვის, რომ მოისმინოს ჩვენი კრიტიკა,  ჩვენი რეკომენდაციები და შენიშვნა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შეხვედრაზე პრიორიტეტი ადამიანის უფლებები,  მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები შრომითი უფლებები და აშ. იყო.

„ვისაუბრეთ და შევეხეთ სახალხო დამცველის თემასაც იმ ჭრილში,  რომ ჩვენ გარკვეულწილად გამოვთქვით კრიტიკა,  რომ პარლამენტმა არ განახორციელა  ეს პროექტი ისე, როგორც თავდაპირველად  იყო ნათქვამი.  მივიღეთ დაპირება,  რომ საქართველოს პარლამენტთან პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება კომუნიკაციისა, რომ პარლამენტმა სამოქალაქო სექტორის მხრიდან ყველა წარდგენილ კანდიდატურას მოუსმინოს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის  ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით კი, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, მათ ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებულ გაფიცვებზე ისაუბრეს.

„ბუნებრივია, პროფკავშირული საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ გახშირებულ აქციებზეც, თუ რა არის ამის გამომწვევი და რა პრევენციული ზომები შეიძლება ჩატარდეს ერთობლივი მუშაობის შედეგად, რაზეც  უმყარესი გარანტიები მივიღეთ, რომ ყველაფერი  ისე იქნება, როგორც საჭიროა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.