მოქლაქე ლია ზერეკიძე მეუღლის – ივერი ზერეკიძის მკვლელობაში ბრალს ყოფილ მაღალჩინოსნებს: საჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს და რუსთავის მე-6 საპატიმროს ყოფილ დირექტორს დავით მარგებაძეს სდებს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.
ლია ზერეკიძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს და მიმართავს საქართველოს პროკურატურას, ივერი (მამუკა) ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტზე აწარმოოს ეფექტიანი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება, გამოავლინოს და დასაჯოს დამნაშავე პირები.
როგორც from.ge-ს „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან“ აცნობეს, საქმე ეხება 2011 წლის 16 აგვისტოს, რუსთავის VI საპყრობილის საკანში, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ივერი ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტს, რისი მიზეზიც, გამოძიების ოფიციალური ვერსიით დენის დარტყმა გახდა.
ორგანიზაციის ცნობით, ოჯახმა თავიდანვე ეჭვის ქვეშ დააყენა გამოძიების ვერსია და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართა. თუმცა, მათივე განმარტებით, ალტერნატიულ დასკვნაში არაფერია ნათქვამი დენის დარტყმის შესახებ, როგორც გარდაცვალების მიზეზზე. მასში აღნიშნულია ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე ლია ზერეკიძე პროკურატურისგან მოითხოვს გამოიძიონ და პასუხისგებაში მიეცენ ივერი ზერეკიძის მკვლელობაში მონაწილე ეჭვმიტანილი, ყოფილი მაღალჩინოსნები ხათუნა კალმახელიძე და რუსთავის N6 საპატიმროს ყოფილი დირექტორი – დავით მარგებაძე, რომელთაც ივერი ზერეკიძის დაღუპვის დროს ეკავათ აღნიშნული თანამდებობები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ლია ზერეკიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ხვალ მთავარ პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავენ.