ზაზა ხატიაშვილი: აღშფოთებული ვარ საგადასახადო სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებით

ზაზა ხატიაშვილი: აღშფოთებული ვარ საგადასახადო სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებით

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, საგადასახადო სამსახურის მიერ  საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება არხის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე პირდაპირი ზეწოლაა.

 ამის შესახებ ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, აღნიშნული ქმედება ასევე წარმოადგენს  გაფრთხილებას  სხვა ტელევიზიების მიმართ, რომ მათაც იგივე ემუქრებათ თუ  არ იქნებიან მორჩილები.

 „აღშფოთებული ვარ საგადასახადო სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებით. ეს არის პირდაპირი ზეწოლა არხის დამოუკიდებლობაზე და მიუკერძოებლობაზე. მე პირადად რამდენჯერმე მქონდა პრეტენზიები და მკაცრი განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, ვინაიდან, ეს იყო სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია და იგნორირებას უკეთებდა „ადვოკატთა ასოციაციას“, მაგრამ მე, „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ვერ შევეგუები იმავე მეთოდებს, რა მეთოდებითაც მოქმედებდა სააკაშვილის რეჟიმი“ - ნათქვამია ხატიაშვილის განცხადებაში.

 მისი განმარტებით, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, სამოქალაქო საზოგადოებამ მოქმედი რეჟიმის მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე თვალი დახუჭა, ამით კი საზოგადოებამ კარგი არაფერი მიიღო.

 „ჩვენ იმიტომ არ ვიბრძოდით, რომ სააკაშვილები, ახალაიები, მერაბიშვილები, ადეიშვიელბი, კუბლაშვილები ჩაანაცვლონ ახალმა ოდიოზურმა ფიგურებმა“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ევროპის  ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 10-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას პრესის თავისუფლება.

 „მე, „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში „ხადურის“ სპეც–ჯგუფის შესვლას ვაფასებ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 10-ე მუხლის დარღვევად“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 ხატიაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, „მოეგოს გონს“ და სასწრაფოდ გაიყვანოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კონტროლიორები.